მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარესტორნე ბიზნესს აგროპროდუქტების მიწოდების უწყვეტობის პრობლემა აქვს - რესტორატორი დეტალებზე

ბოსტნეული

“ვერ ვშოულობთ ხარისხიან ხორცს, ყველს, ბოსტნეულს, გვიჭირს აგრო პროდუქტების სტაბილური მომწოდებლების მოძიება”- ეს განცხადება გადაცემა BMG DRIVE-ში რესტორატორმა მერიკო გუბელაძემ გააკეთა. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემა აქამდეც არსებობდა, თუმცა პანდემიის შემდეგ უფრო გართულდა.

რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი ამბობს, რომ აგროსექტორში სახელმწიფოს პოლიტიკა შესაცვლელია. მისი თქმით, სუბსიდირებით არ უნდა ხალისდებოდეს კონკრეტული აგროპროდუქტების წარმოება, რადგან ეს ბაზარზე ამ პროდუქტების სიჭარბეს ქმნის, არადა პარალელურად არის აგრო პროდუქცია, რომელიც დეფიციტურია. ბიზნესი თვლის, რომ აგროსექტორიდან მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნება უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

“მაგალითად, როცა მწარმოებელი ბაზარზე რაღაც კონკრეტულ პროდუქტს შემოიტანს, რომლის უწყვეტი მოწოდება ვერ ხერხდება უკვე პრობლემაა. გამოდის, ვყიდულობ დღეს პომიდორს x ფასად, მაგრამ ხვალ ეს პომიდორი აღარ არის და მე მიწევს Y ფასის გადახდა, რადგან ბაზარზე როცა პროდუქტის დეფიციტია ფასიც იზრდება. ბაზარი ამ ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ საბოლოო მომხმარებელი ზარალდება.

ასორტიმენტიც პრობლემურია. მე მიმაგრებული ვარ კონკრეტულ მწარმოებელზე. რას მოიფიქრებს და რას აწარმოებს. დაბალანსებული ეს არ არის, რადგან ხდება ტრენდებზე აკიდება, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება პროდუქტები და დღეს არის ბაზარზე და ხვალ არ არის. ან კიდევ ძალიან ბევრია და არ ვიცით რა ვუყოთ.

სახელმწიფოს და კერძო სექტორის ჩართულობა ზუსტად იმაშია, რომ მოხდეს კონკრეტული გეგმის შემუშავება რომ მაგალითად 3 წლის ჭრილში ჩვენ ვართ ბოსტნეულის მწარმოებლები თუ ვართ ხილის და ბაღჩეულის მწარმოებელი. ასე ქაოსურად როდესაც ხდება წარმოება, რეალიზებაც ქაოსურად ხდება. საბოლოოდ კი ზარალდება ის გლეხი, რომელმაც მოიყვანა კონკრეტული რაოდენობის ბოსტნეული და რეალიზაცია ვეღარ მოახდინა ან მოახდინა ოღონდ დაბალ ფასად,”- აცხადებს რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები