ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ არავინ უნდა იფიქროს, რომ ახლა საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოცხადების დროა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ახლა სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს.
„არ იფიქროთ, რომ ახლა არის საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოცხადების დრო, მაგრამ აჯობებს ევროკავშირმა შეწყვიტოს ფინანსები აღმასრულებელი დონისთვის და რაც შეიძლება მალე დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამას ელოდება და იმსახურებს ქართველი ხალხი“, - აცხადებს ევროპარლამენტარი და აზიარებს ინფორმაციას 1-2 მაისს გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენდირექტორის, ხერტ იან კოოპმანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ხერტ იან კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერს, მთავრობის წევრებს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში.
"ბატონი კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის", - ნათქვამია EU-ს პრესრელიზში.