კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის აზრით, ინვესტიციების მოზიდვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი გამჭვირვალე სასამართლო სისტემაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის და შესაბამისად, ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, ინვესტორებისთვის „განსაკუთრებული პირობები“ შევქმნათ.
- ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკა და სასამართლო სისტემა, რომელიც უნდა იყოს გარანტი საინვესტიციო გარემოსი. Covid-პანდემიის შემდეგ ისმოდა, რომ ის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით კარგ პირობებს შესთავაზებს ინვესტორებს, ინვესტიციებიც იქით წარიმართება. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ ეკონომიკური გარემო შეცვალა და შემდეგ უკვე რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სხვა გეოპოლიტიკური ვითარება შექმნა. ინვესტორებისთვის უნდა შევქმნათ განსხვავებული პირობები, სხვანაირად გლობალურ ბაზარს თავს ვერ მოაწონებ - ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა შეღავათი, საგადასახადო ბენეფიტები და, რა თქმა უნდა, სასამართლო, რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ სადაც გარკვეულ კაპიტალს აბანდებს, იქ სამართლიანი გარემოა და თუ ჩათვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, სასამართლოს გზით სამართლიანობის აღდგენას მიაღწევს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო იყოს მიმზიდველი?
- რიცხვებს უნდა შევხედოთ... კი ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ტყუილი სტატისტიკააო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია სტატისტიკა ვნახოთ, რა ინვესტიციები შემოდის დღეს, რომელი ინვესტორი შემოვიდა ბოლო წლებში და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორი გარემო გვაქვს; მე არ მახსენდება ინვესტორები, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოთი დაინტერესდნენ ან რამე დიდი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა...
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში
- ზოგადად, მგონია, რომ თუ რამე განვითარებას აფერხებს, იმ ხალხის ბრალია, რა მოსახლეობაც გვყავს. ყველა ქვეყანა, რომელიც განვითარდა, განვითარდა იმით, რომ საერთო და საზოგადოებრივი ინტერესი დააყენეს წინა პლანზე ანუ პრიორიტეტი გახდა საზოგადოებრივი ინტერესი. სამწუხრაოდ, ეს ალბათ უფრო მენტალური საკითხია.