მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მეგულება ახალგაზრდა, რომელსაც Erasmus+ პროგრამის გავლის შემდეგ, რუსეთში წასვლა მოუნდა - აგირბაია

წერტილი

ProActive Group Georgia პლატფორმაა პროაქტიური ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ პიროვნული თუ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სხვადასხვა ტრენინგ-პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით აძლევს.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი აგირბაია BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” აღნიშნავს, Proactive Group უკვე დაეხმარა 600-ზე მეტ ადამიანს, მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს, ევროპის 30-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა გამოცდილების მიღებაში.

“გაცვლითი პროგრამების დასრულების შემდეგ, მონაწილე სკოლები და უნივერსიტეტები, იმ არაფორმალური განათლების მეთოდებსა და მიღებულ ევროპულ გამოცდილებას საქართველოში აზიარებენ. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა, რითაც ჩვენ რუსული გავლენებისგან თავის დაცვა შეგვიძლია, ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობის გაჩენაა. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც Erasmus+-ის პროგრამის გავლის შემდეგ, რუსეთის უფასო სასწავლებელში წასვლა მოუნდა. ევროპაში გაცილებით მაღალი დონის სწავლა-განათლებაა და, მხოლოდ ჩემს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ესპანეთში სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას ყოველთვიურ სტიპენდიას, დაახლოებით, 850 ევროს გიხდიან.

როდესაც გვინდა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. სწორედ ეს არის ის ქმედითი ნაბიჯები, რაც მას მოჰყვება - მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს საქართველოში - სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ორგანიზაცია უკვე 7 წელია, რომ საქართველოში მეტი ევროკავშირი შემოვიტანოთ, მეტი სწორი ღირებულებები და პროაქტიურობა გავავრცელოთ. გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოებამ გავიაზროთ, რომ თუ რაღაც არ მოგვწონს, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ინიციატორები, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ.

სწორედ ის ახალგაზრდები არიან ჩართულები სხვადასხვა სამოქალაქო პროცესში, რომლებსაც ევროპული ღირებულებები გააჩნიათ და ნაკლებად მოწყვლადები არიან დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, - ამბობს გიორგი აგირბაია.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებისთვის ProActive Group Georgia ღია კონკურსებსაც მართავს, თუმცა ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ მოხალისეობრივი პროექტები თავადაც მოიძიონ.

“ჩვენი ბენეფიციარების 70% რეგიონებიდან არიან, რაც ძალიან მახარებს. ადრე რეგიონებში ასეთი შესაძლებლობები გაცილებით მწირი იყო, ვიდრე დღეს, თუმცა ინფორმაციის დეფიციტი მაინც არის. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ მოსწავლეებს 13 წლიდან შეუძლიათ Erasmus+-ის სრული დაფინანსებით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება. ამაში ჩვენ ვუწყობთ ხელს, ჩვენს პარტნიორ სკოლებთან ერთად ვატარებთ ღია კონკურსებს, ან სკოლა თავად არჩევს, ვინ წაახალისოს. სტუდენტებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. მათ შეუძლიათ როგორც აკადემიური შესაძლებლობებით, ასევე მოკლევადიანი პროექტებით ისარგებლონ. შერჩევის ერთადერთი და მთავარი კრიტერიუმი ინგლისური ენის ცოდნაა”, - ამბობს ProActive Group-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხებათ მასწავლებლებს, მათთვის გაცვლითი პროგრამების რაოდენობა შედარებით შეზღუდულია, თუმცა, გიორგი აგირბაიას განმარტებით, სწორი მუშაობითა და განათლების სამინისტროს ჩართულობით, ამის გამოსწორება შესაძლებელია.

“სწორედ ამიტომ გვინდა მეტი ევროკავშირი, რომ მხოლოდ გარკვეულ ორგანიზაციებს არ ჰქონდეთ მასწავლებლების დახმარებისა და წახალისების შესაძლებლობები. ევროკავშირის ქვეყნებში Erasmus-ის პროგრამებში სკოლები პირდაპირ არიან ჩართულები და არა რომელიმე ორგანიზაციის შუამავლობით. საქართველოში ამ მხრივ მუშაობაა საჭირო და განათლების სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებები”, - აღნიშნავს გიორგი აგირბაია.

ევროკომისიის მონაცემებით, 2014-2020 წლებში, Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაცვლით პროექტებში განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში, 11 000 მონაწილე იყო ჩართული, როგორც სტუდენტები, ისე პროფესორ-მასწავლებლები. გარდა ამისა, 2015-2022 წლებში, ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 22.5 მილიონი ევრო გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები