სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტი. კანონპროექტი სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოამზადეს, საკმარისი ხელმოწერების შეგროვების შედეგად კი პარლამენტში კანონპროექტის სახით დარეგისტრირდა. კანონპროექტის ავტორები სომხეთის მთავრობას მოუწოდებენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.
ამჟამად სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრია, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია საქართველოც, რომლის ხელისუფლებამაც უარი თქვა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. "ქართული ოცნების" პრემიერის ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა 2009 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და გაღრმავების მიზნით ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას შორის.