ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანს არ ჰგონია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, ხელისუფლება იმ მდგომარეობაში იყოს, რომ დღეს [შუა დერეფნის განვითარებას] კოორდინაცია უფრო აქტიურად გაუწიოს. ამის შესახებ ზვიად ჭუმბურიძემ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, შუა დერეფნის განვითარების საკითხი ისევეა შენელებული, როგორც ყველაფერი ქვეყანაში. ის ასევე იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომელიც შუა დერეფანს უკავშირდება.
„საქართველოს აქვს ყველაზე გამოკვეთილი, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ჩვენ უნდა ვითამაშოთ მედროშე ქვეყნის როლი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, ასევე ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ერთად, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად. შავი ზღვა ევროპულ სივრცესთან არა მარტო საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, აზერბაიჯანს, სომხეთს აკავშირებს. ეს არის ის განზომილება, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ სჭირდება.
სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, არა მგონია, ხელისუფლება იმ მდგომარეობაში იყოს, რომ დღეს [შუა დერეფნის განვითარებას] კოორდინაცია უფრო აქტიურად გაუწიოს. შესაბამისად, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოთხოვნაც ის არის, რომ იყოს უფრო აქტიური დამოკიდებულება, რადგან აქ არის უამრავი პრობლემა. ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია ამ ქვეყნების მხრიდან. არის ტარიფების საკითხები, რომელიც ასევე მოსაგვარებელია და ა.შ. ", - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
მისივე თქმით, საქართველომ არ უნდა გაუშვას ხელიდან მედროშეობის როლი.
რაც შეეხება ტარიფებს, მისი შეფასებით, თუ ამ და სხვა საკითხებზე საკითხზე ხელისუფლებები არ დასხდებიან, შესაბამის ექსპერტებთან ერთად და არ იქნება შეთანხმებები, აღნიშნული კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დარჩება.




























