ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან დეფიციტები, რაც შექმნილია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
BM.GE დაინტერესდა, ეხება თუ არა მედიკამენტების დეფიციტების შესახებ განცხადება მხოლოდ ონკოლოგიურ მედიკამენტებს, თუ საუბარია სხვა მედიკამენტებზეც, რაზეც მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა: „რაც შეეხება დეფიციტებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ონკოლოგიური მედიკამენტების მიღმაც. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმედ აღქმული არის დეფიციტი ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ამიტომ ხშირად საზოგადოების ინტერესიც ხშირად ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დეფიციტს ეპყრობა, თუმცა შეიძლება დეფიციტი არსებობდეს სხვა მიმართულებებითაც. ამ ყველაფერს აქვს ობიექტური, და ხშირად სუბიექტური მიზეზებიც. არ მინდა სიმართლე აღმოჩნდეს მოარული შეხედულება, დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორში ვგულისხმობ, რომ ბიზნესის ინტერესი აღმოჩნდეს პაციენტის ინტერესზე მაღლა. არ მინდა, ეს სიმართლე აღმოჩნდეს. მაგრამ სამწუხაროდ, არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე კომერციულ ინტერესს, პაციენტის ინტერესზე უფრო მაღლა აყენებდეს. ჩემი ამოცანაა, საკითხი ისე ვარეგულიროთ, რომ არავის ჰქონდეს სივრცე იმისთვის, რომ ვინმეს ამის შესაძლებლობა მიეცეს“.
მინისტრის თქმით, ამოქმედდება სისტემა, რომელიც საკითხს დაარეგულირებს და მედიკამენტების მომარაგება ერთ კონკრეტულ მიმწოდებელზე არ იქნება დამოკიდებული, თუმცა მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა სისტემაზეა საუბარი.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სისტემის ჩამოყალიბება ჯერჯერობით სამუშაო ფორმატშია, თუ როგორი ფორმით უნდა გაკონტროლდეს, რომ კომერციული ინტერესი პაციენტის ინტერესზე მაღლა არავინ დააყენოს.
„ამ დღეებშიც ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, იყო მცდელობა, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებული ცვლილების მნიშვნელობა გაუფასურებულიყო. მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც პერიოდულად იქმნება ბაზარზე, და ამ თვალსაზრისით გვაქვს საკმაოდ მწვავე კომუნიკაცია იმპორტიორებთან და სააფთიაქო ქსელებთან, ამის მიღმა მიწოდების ჯაჭვის გამართვა არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ცვლილება. მიწოდების ჯაჭვი იქნება უნაკლო და ეს ერთმნიშვნელოვნად, მოწონებას იმსახურებს.
რაც შეეხება მედიკამენტების დეფიციტებს, ამასთან დაკავშირებითაც უნდა გითხრათ, რომ ეს მწვავე საკითხია. ერთი მედიკამენტის დეფიციტიც კი არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი სახელმწიფოსთვის. დღეს მოქმედი კანონმდებლობით იმპორტს და დისტრიბუციას არ ახორციელებს სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფო აკვირდება მიმდინარე პროცესებს და მარაგებს საიმისოდ, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და ეს არ აისახოს უარყოფითად რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეიქმნა გარკვეული დეფიციტები რამდენიმე მედიკამენტთან დაკავშირებით. ეს მწვავე საკითხია, ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ეს დეფიციტები, რაც შექმნილია.
სახელმწიფო არ აპირებს, ამ მიმართულებით იყოს გულხელდაკრეფილი, და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება რელევანტური, ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება, რომ აქ გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, არცერთ კომერციული ინტერესი დადგეს უფრო მაღლა, ვიდრე პაციენტის უფლება. ეს არის შექმნილი პრობლემა ქსელის მხრიდან და უნდა აღმოიფხვრას“, - განაცხადა სარჯველაძემ.