განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ სწორედ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და, მისივე თქმით, ეს "ოცნებამ" EU-სგან სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების გარეშე გააკეთა.
„კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ევროკავშირმა ორი დემარში გადმოგვცა - პირველი შეეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას, მეორე - რუსეთთან ფრენების აღდგენას და სანქციებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი პარტნიორების ეს მოსაზრებები არ გავითვალისწინეთ შედეგად, სტრასბურის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი სასჯელს კანონის სრული დაცვით იხდის და არც ქვეყნის ეკონომიკა განადგურებულა და არც საქართველოს ევროპულ კურსს შექმნია რაიმე საფრთხე“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მან სხდომაზე ე.წ. რუსულ კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ზუსტად, ამ ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა არის განსხვავებული აზრი. ყოველი შეხვედრისას, ჩვენს მეგობრებს ვუხსნით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებს მშვიდობიანი ჩატარების უზრუნველყოფისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
დეზინფორმაცია და აგრესია არის მთავარი არაევროპული ღირებულება. გამჭვირვალობა კი, თანამედროვე დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამათი ორმაგი სტანდარტი იმაშიც ჩანს, რომ „მონა.ჯის“ შემქმნელები გვესაუბრებიან იარლიყების მიწებებაზე თან მაშინ, როდესაც იღებენ დაფინანსებას რუსეთიდან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
გამოსვლის დროს ჩაკვეტაძემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს მიმართა და უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონის მიღება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა".
„არ მისცეთ საშუალება დესტრუქციულ ჯგუფებს თავიანთი ბოროტი მიზნებისთვის გამოგიყენონ. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის მშენებლობა", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე "რუსულ კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა მიმდინარეობს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.