არ მიწყინონ, მაგრამ სვანეთი ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი რეგიონია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სვანეთის დღეების“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება ყოველთვის, სვანეთისთვის თვითმმართველობა და ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელიც გაჟღერდება ამ სასახლეში, რამეთუ რეგიონების თვითმმართველობა, ჯერ ჩვენთან არ არის რეალურად განვითარებული. ქაღალდზე არის, მაგრამ გაცოცხლებული თვითმმართველობა არ გაქვს, იმ მხრივ, რომ რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რომელიც ქმნის რეალურ თვითმმართველობას - ფინანსური თვითმმართველობა და დამოუკიდებლობა და საშუალება, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები როგორ დაიხარჯოს ეს თანხები, ეს არის თვითმმართველობის ღერძი და ჯერ არ ვართ აქ მისული. ამაზე დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სვანეთის მემკვიდრეობაში ძალიან მნიშვნელოვანი მათი სამართალია.
„იმ დროს, როცა ძალიან ბევრი საუბარია როგორ უნდა გადადგას საქართველომ რეფორმის ნაბიჯები, რომელიც ახლოს ევროპულ სამართალთან მიგვიყვანს და ამ დროს, ჩვენ ისეთი ტრადიციები გვაქვს, რომლებიც თავის დროზე ევროპაში არ არსებობდა, ჩვენთან კი უკვე იყო დამკვიდრებული. მაგალითად, მედიატორის ინსტიტუტი, ამაზეც გვექნება საუბრები. მე მგონი, ეს ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება.
არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, როცა მივდივართ ევროპის გზაზე და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს. როცა მივდივართ ამ გზაზე, უნდა წავიდეთ ჩვენივე ბირთვით, გამოცდილებითა და ცოდნით - ეს გზაში არ უნდა დაგვეკარგოს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება კულტურას, პრეზიდენტის თქმით, კულტურაში სვანეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად იყო "ჩვენი საგანძურის დამცველი და ძალიან სერიოზული თავისივე კულტურის შემქმნელი".
„ამ ორივე კუთხით, უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა, გადაგვირჩინა სვანეთმა დღემდე და რითაც ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ტურისტული და კულტურული რეგიონი გახდა.
ეს მხოლოდ მთა არ არის, ეს მთა და კულტურა ერთადაა, რაც ძალიან იშვიათია. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძალიან იშვიათია, რომ მთასთან ერთად ასეთი განვითარებული, ადგილობრივი კულტურა იყოს და ამას კიდევ ერთხელ ემატება ის, რომ ჩვენი დიდი საგანძურის ნაწილი ნამდვილად იქაა შემორჩენილი და გადარჩენილი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.




























