საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა დღეს მედიასთან 2024 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ელჩი აღნიშნავს, რომ არსებობს რეალური საფრთხე რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის წარმართვის მხრივ, რაც მიზნად საქართველოზე ნეგატიური გავლენის მოხდენას ისახავს.
ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთს საქართველოს თუ სხვა ქვეყნებისთვის პოზიტიური გავლენის ძალის როლის შესრულება შეუძლია.
ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კი ელჩი აღნიშნავს, რომ აშშ იმუშავებს ხელისუფლებასთან, ცესკოსთან და ოპოზიციურ ძალებთან იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება.
„არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის. აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, ისინი ხმას ფარულად აძლევენ და მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა.