მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება“

6469fcbcf2818
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 15:15
818
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს და ქვეყანა ინდივიდუალურად პირებზე სანქციებს არ აწესებს, თუ ისინი ოკუპაციის შესახებ კანონს არ არღვევენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის და ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა. ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ, რომ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის.

პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო ორი რამ - პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს და ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციების არდაწესებაც - ეს ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიო პოზიციაა. მეორე, თეორიულადაც, რომ განვიხილოთ ვინმეს პერსონალური სანქცირება რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზე, სამართლებრივ სახელმწიფოზეა საუბარი, მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ეს სფერო ნასწავლი და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს და ეს არის ძალიან რბილი შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბაში” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილი ჰქონდათ დაგეგმილი. მისი სიძის ძმა საქორწინო ცერემონიას 70-მდე სტუმართან ერთად გეგმავდა. სოციალური არხების საშუალებით ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ლავროვის შვილის სტუმრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა. 20 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმროს მიმდებარედ საპროტესტო აქცია გამართეს. აღსანიშნია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა, რომელიც ალექსანდრე ვინოკუროვთანაა ქორწინებაში, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და კანადის მხრიდანაა სანქცირებული.

20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქორწილი ჩაიშალა და ლავროვის გარემოცვა საქართველოს დატოვებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები