მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ შევეხებით ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, საკითხი საკმაოდ რთულია.

„საქმე ეხება ბიზნესს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია და უნდა იყოს თავისუფალი. ნებისმიერი ბიზნესი ბუნებრივად არის ორიენტირებული მაქსიმალური მოგების მიღებისკენ, მაგრამ აქ შემოდის სოციალური ელემენტი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, ბუნებრივია, პროდუქციის რეალიზების შემთხვევაში. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაქვს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ბიზნესის თავისუფლებასთან ერთად, ვიზრუნოთ ამ სოციალური საკითხის მაქსიმალურად მოგვარებაზე. ეს გვესახება ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე. გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენი მუშაობის სტილი, მათ შორის, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი.

კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა.

ჩვენ ყველა ფორმას უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული პროცედურები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა კარტელური გარიგება. ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, ვიდრე ამას დამატებით არ შევისწავლით, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი კონკრეტულ პროდუქტზე. ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება. იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებსაც, დისტრიბუციასაც. იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს ამ საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაც“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც.

“მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე და საკითხის სპეციფიკა არის ძალიან მსგავსი. აქაც არის იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ არის სააფთიაქო ქსელები. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსია თავისი არსით საკითხები, იგივე ეხება საწვავსაც, გადავწყვიტეთ ყველა ეს საკითხი გაგვეერთიანებინა. საბოლოო ჯამში, ეს არის, მთლიანობაში, ერთგვარი პირველადი მოხმარების პროდუქცია, რასაც მოიხმარს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, თითქმის, ყველა მოქალაქე, სამივე საკითხს თუ შევეხებით. საკითხის აქტუალობიდან და დაკავშირებადობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში მოვიცვათ სამივე თემა”,- განაცხადა მან.

ცნობისთვის "ფასების კომისიამ", რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ, 23 იანვარს კი - დისტრიბუტორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები