მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ უნდა ამოვვარდეთ მთავარი ამოცანიდან, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ -ბიზნესმენი

64020e0351a89
ელენე გოგბერაშვილი
03.03.23 22:00
667
ვფიქრობ, რაღაცნაირად არ არის გააზრებული, რა პრობლემა შეიძლება შეგვექმნას - ასე ეხმაურება ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი „ხალხის ძალის“ დეპუტატების ინიცირებულ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ორმა კომიტეტმა საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივი ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესის კრიტიკული პოზიციების მიუხედავად მიიღო.

პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

პირველი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით გამოიწვევს.

მეორე კანონპროექტით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.


ბიზნესმენ თამაზ დაუშვილს იმედი აქვს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა და არ შეაფერხებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომელიც დონორებისგან ფინანსდებიან. შესაბამისად არ დაზარალდებიან მოქალაქეები და მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებიც მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს წარმოადგენენ.

„ვფიქრობ, რაღაცნაირად არ არის გააზრებული, ამან [კანონპროექტებმა] რა პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას. უამრავი უცხოური ორგანიზაცია წლების მანძილზე ეხმარება საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბიზნესს და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების კუთხით. ვფიქრობ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა უადგილოა ახლა და არ მგონია, რომ რაიმე სიკეთე მოჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ეს პროექტი კანონად გადაიქცევა და შემდგომში შეუქმნის პრობლემას ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს საქმიანობაში. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ის, რაც 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში კეთდებოდა მათი დახმარებით, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია.

ეს არ სჭირდება მართლაც არავის. საჭიროა საღად შევხედოთ ყველაფერს, წინ გავიხედოთ, რა იქნება მომავალში, თუნდაც 10 წლის მერე და არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი გადაწყვეტილებების, ამიტომ ყველამ ჩვენი აზრი უნდა დავაფიქსიროთ.

უამრავი სხვა საკითხია, რომელიც უნდა გადაიჭრას. იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არ უნდა ამოვვარდეთ მთავარი ამოცანიდან - ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც ხელი შეიძლება შეუშალოს ამ პროცესს, ამიტომ ჩვენი ეს თაობა პასუხს ვაგებთ ამაზე. ზუსტად ახლა დგას მომენტი, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,-აცხადებს „დიოს“ დამფუძნებელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები