ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ „რუსული კანონის“ სრულად გაწვევა უნდა მოხდეს და კოსმეტიკური ჩარევები კანონს ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ვერ მოიყვანს.
განცხადება მან ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. განაცხადა, კანონი ევროინტეგრაციისკენ საქართველოს პროგრესს შეაფერხებს, რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება. თუმცა მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, პრეზიდენტის ვეტოს პერიოდში.
„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და ადარდებთ თქვენი ევროპული მომავალი. ბოლო კვირების განმავლობაში საქართველო მოხვდა ახალ ამბებში ვინაიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ იქნა წინ წამოწეული, დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნა მიუღებელი ძალადობრივი აქტები გამოყენებული, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო დაშინების ორკესტრირებული კამპანია. ასევე, ვნახეთ გასაოცარი გამძლეობა, რომელიც ხალხმა აჩვენა. მათ დააფიქსირეს ევროპული მისწრაფებები", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ასევე არასამთავრობო საზოგადოების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ზღუდავენ ამ უფლებებს საკუთარი ძალის კონსოლიდირებისთვის.
"ჩვენი აქ ყოფნის მთავარი ამოცანაა, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მომავალი ქართველ ხალხს ეკუთვნის და ის არ უნდა იქნეს არავის მიერ ხელყოფილი. ჩვენი მეორე ამოცანაა, გავუგზავნოთ გზავნილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობაში, რომ საქართველო თუ ამ გზაზე გააგრძელებს სვლას, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება. ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევა ნახა საქართველომ, კანდიდატის სტატუსის მიღება ამის მტკიცებულება იყო. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია, თუმცა ერთი ხელის მოსმით განადგურდეს.
ცალსახად მინდა გითხრათ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნატოსა და ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესს შეაფერხებს. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება, თუმცა ჯერ კიდევ არაა გვიანი. მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, რომ ვეტოს დადება იგეგმება. უნდა მოხდეს ამ სამწუხარო კანონპროექტის გაწვევა და არ უნდა იყოს არანაირი ილუზია, რომ რაიმე კოსმეტიკური ჩარევა გამოასწორებს მის სახეს. ის არაა თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან. შეუძლებელია შეაკეთო ის, რაც ფუნდამენტურად დაზიანებულია. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ და დიახ, თქვენ ხართ“,- თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.