„კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ხალხის გვერდით დგას და არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს უკან, რომ ვინმეს გაუთეთროს ჩვენი ხალხის მოპარული და წართმეული უფლებები“, - ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას „მრავალფეროვანი საშუალებებით“ გააგრძელებენ, მაგრამ კონკრეტულად როგორ, არ უსაუბრიათ.
ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ნდობისა და მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ „არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს“.
„ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ამას ვაცხადებთ სრული სერიოზულობით და გავაგრძელებთ თითოეული მოქალაქის ხმის უფლების დაცვას, რომ ეს ქვეყანა, რომლის უმრავლესობის არჩევანია ევროპული მომავალი, ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ. ჩვენ ვდგავართ სიმართლის და გამჭვირვალობის მხარეს. ეს იყო მოპარული არჩევნები და შედეგები მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება კოალიციის სამოქმედო გეგმას, როგორც ამავე ბრიფინგზე ანა დოლიძემ და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, ბრძოლას გააგრძელებენ „მრავალნაირი საშუალებებით“.
„ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვაპირებთ ვიბრძოლოთ მრავალნაირი საშუალებებით - სამართლებრივი თუ არასამართლებრივი, რათა დავიცვათ ხალხის ეროვნული არჩევანი. „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია... საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რომ დაისახოს გეგმა მრავალფეროვანი ბრძოლისა ამ შედეგის წინააღმდეგ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.