ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანსა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა „TV პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც გრიგოლია ამბობს, მას მინისტრის დემაგოგიის მოსმენა არ სურდა და შეხვედრა ამიტომ დატოვა.
„შეხვედრა დავტოვე პროტესტის ნიშნად, რადგან იმისთვის, რომ ითქვას, თითქოს უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედია-მენეჯერებს შორის, ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იჯდა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ჩვენ ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი 2“-ს და „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს, ვუთხარით, რომ დავბერდით ამ პროფესიაში და ზეპირად ვიცით ეს. ჩვენ გვაინტერესებდა, რატომ ჩაგვაყენეს უსამართლო მდგომარეობაში. საუბრის დროს მას წამოცდა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იმ ტელევიზიებს არ გადაახდევინეს იმ პერიოდში ვალი და როცა დავუსვით კითხვა, დაისაჯა თუ არა ვინმე, გვითხრა, ვისიც გინდათ იმის პასუხისმგებლობა დააყენეთო, მერე მე ავიღე ჩანთა და წამოვედი, რადგან არავის პასუხისმგებლობის დაყენებას არ ვაპირებ. ჩვენი ფინანსური დირექტორი ნანა აბურჯანიძე, "კავკასიის" მფლობელ ნინო ჯანგირაშვილი და ნათია კუპრაშვილი იქ არიან... ჩემთვის ეს იყო უინტერესო, რადგან არ ვაპირებ მინისტრის დემაგოგიის მოსმენას“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან დღემდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების გამო ტელეკომპანიებს - „TV "პირველის“, „კავკასიის“ და „რუსთავი2“-ის ანგარიშებს ინკასო დაედო.