„თუ არჩევანი დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება თუ ვიზები და ავიაბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ“ – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ხუნდაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ დასავლეთი და აშშ ასეთ გადაწყვეტილებაზე წავა, ვინაიდან მისი შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილებით ისინი საკუთარ რეპუტაციას დააზიანებენ.
„ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აქვს უფრო მეტი საშუალება განსაჯოს, რამდენად ობიექტურია ის რომ კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები, დასეირნობს დასავლეთში თავისუფლად და ასევე ადეიშვილს, რომელმაც შექმნა მწამებლური რეჟიმი, ევროსტრუქტურებში ხვდებიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. საქართველოში კი სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ. მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება თუ ვიზები და ავიაბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ, პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება, რომ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ასეთი ტიპის ზეწოლები“ მმართველ გუნდს გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს და „28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში“.
შეგახსენებთ, აშშ-მა სავიზო სანქციები გამოაცხადა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შტატები გადახედავს საქართველოსთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.