მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით და ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება, რომ გაათავისუფლონ მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანები - ასე აფასებენ IDFI-ში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკადრო ოპტიმიზაციას სახელმწიფო საწარმოებსა და საჯარო სექტორში.
როგორც BMG-სთან IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, სახელმწიფო საწარმოებსა და ზოგადად საჯარო სექტორში ფიქტიური და პოლიტიკური ნიშნით დასაქმების შემთხვევები მრავლადაა.
თუმცა გოგა თუშურაშვილის თქმით, ნაკლები მოლოდინია, რომ ახლა „ქართული ოცნება“ საკადრო ოპტიმიზაციას სამართლიანად გაატარებს.
„ჩვენი ორგანიზაცია წლებია აკვირდება ბიუროკრატიულ აპარატს, მართლაც განსაკუთრებით ბოლო წლებში, ჩვენ ვხედავდით, რომ მმართველი პარტია და ხელისუფლება ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო დასაქმებული სახელმწიფო სექტორში, ჩვენ ვხედავდით, რომ წლიდან წლამდე იზრდებოდა მათი რიცხვი, ისინი ცდილობდნენ, რომ მეტი ამ ადამიანებს მიბმა მომხდარიყო სახელმწიფო ფინანსებზე და შემდგომში ეს უკვე ხდებოდა ერთგვარად მათი პოლიტიკურად გამოყენების ბერკეტი. ჩვენ ვხედავდით, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით პრობლემური იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ასევე ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკა, სადაც კონტროლის მექანიზმები ნაკლები იყო და შესაბამისად ამ მიმართულებით, როგორც ხარჯები, ისევე თვითონ ბიუროკრატია მნიშვნელოვნად იზრდებოდა ყოველწლიურად.
დღეს უკვე ვხედავთ, რომ დაანონსდა ამ მიმართულებით ოპტიმიზაცია, თუმცა ეს არ აჩენს ჩვენს მოლოდინს, რომ ეს პროცესი სამართლიანად წარიმართება, განსაკუთრებით პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით და შექმნილი მდგომარეობის დაკვირვებით, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება მათ მიერ გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით და ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება, რომ მათ გაათავისუფლონ მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანები კონკრეტული პოზიციებიდან. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და ზოგადად საჯარო სამსახურში დატოვებენ მაღალ პროფესიონალ კადრებს და არ მოხდება კვლავ გარკვეულწილად პოლიტიკური ნიშნით მათი თანამდებობაზე დატოვება თუ აყვანა. სახელმწიფო საწარმოები კიდევ უფრო გაუმჭვირვალე იყო ამ კუთხით, ჩვენ სამწუხაროდ, როგორც წესი ვერ ვიღებდით ხოლმე ინფორმაციას, თუ კონკრეტულ პოზიციებზე როგორ ხდებოდა საკადრო პოლიტიკა და შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამჯერადაც რაიმე სახის იმ ოპტიმალურ ნიშნულამდე დავიყვანთ იქ დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვს“, - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.
ცნობისთვის, 3 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო საწარმოების რეფორმა კიდევ ერთხელ გაიხსენა და კადრების მასშტაბური ოპტიმიზაცია დააანონსა. "ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრის განცხადებით, რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციამ წელს 52,5 მილიონი ლარის ეკონომია მოუტანა ქვეყანას. ირაკლი კობახიძის თქმითვე, შპს-ებსა და სსიპ-ებში ასევე არსებობს პოტენციალი მსხვილი ოპტიმიზაციისთვის, და შესაძლოა, ოპტიმიზაციის შედეგად წლიური ეკონომია 100 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს.




























