მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“არ ვგეგმავთ ოპერაციების შეწყვეტას” - Yandex Georgia მიტანის სერვისზე

yandex

Yandex Georgia, რომელიც ონლაინ ტაქსის, მიტანის და კვების სერვისებს აერთიანებს, გუშინ, 17 თებერვალს Bm.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ Yandex-ის საკვების მიტანის სერვისი ქართული ბაზრიდან არ გადის.

გუშინ სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე "იანდექსის" საჭმლის მიტანის მიმართულების, Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელმა დაწერა, რომ " საქართველოში Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩემი საქმიანობა დასრულდა, რაც ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გლობალურ გადაწყვეტილებას უკავშირდება".

"Food სერვისი აგრძელებს მუშაობას საქართველოში, ჩვენ ვახორციელებთ მარკეტინგისა და ოპერაციების მართვის რესურსების ოპტიმიზაციას გარკვეულ მიმართულებებში, რათა პრიორიტეტი მივანიჭოთ ყველაზე ეფექტურებს", - აცხადებენ კომპანიაში.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გულისხმობდა Yandex Eats-ის ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭოლარია "ადგილობრივი ოპერაციების ეტაპობრივი გაუქმების გადაწყვეტილებაში" და ხომ არ იგეგმება საკვების მიმართულების საოპერაციო ნაწილის ცვლილება, Yandex Georgia კონკრეტულ პასუხს არ გვცემს.

"ჩვენ არ ვგეგმავთ ოპერაციების შეწყვეტას. გუნდში ზოგიერთი როლი ერთდროულად რამდენიმე სერვისთან ურთიერთქმედებას გულისხმობს, ზოგი კი ერთი სერვისით შემოიფარგლება.

რაც შეეხება კონკრეტული პირის განთავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს, ჩვენი მხრიდან ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, არ გვაქვს ინფორმაციის გაცემის უფლება. მან თავად გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე", - ამბობენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე Yandex-მა საჭმლის მიტანის საკურიერო სერვისი 2024 წელს დაამატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები