"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე ჭიათურაში მაღაროელების პროტესტსა და მოთხოვნებზე პირველი არხის ეთერში კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მაღაროელების მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ გადაიბაროს მართვაში წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოები, "პრინციპულად არასწორი" იქნება.
"სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო პრინციპულად არასწორია და იმედია, გამოსავალი გამოიძებნება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ვინც შრომობდა მაღაროში, ყველას ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს.
რთულია კერძო ბიზნესს მოსთხოვო საწარმოს მუშაობის გარეშე ხელფასების გადახდა. ამას კომპანია სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აკეთებდა, თუმცა მუდმივად ვერ გააგრძელებ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ 19 მარტს გაიმართა ე.წ სამმხრივი ფორმატი, სადაც ეს საკითხი იქნა განხილული და მზაობა გამოთქვა, რომ დაინტერესდება რაზე იყო მსჯელობა ამ შეხვედრაზე.
ცნობისთვის: „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესი ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.
7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.