დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის ყველა მსგავსი კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ხშირად ვხედავთ ფარულ სქემებს, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება და სახელმწიფო ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამოგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს არამოგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, შიდა და გარე აქტორებმა, სამწუხაროდ, განახორციელეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება. მისი თქმით, საერთაშორისო კანონის ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის.
"გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა. სინამდვილეში, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის“, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არამოგებიანი ორგანიზაციების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. მისი თქმით, იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამოგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას.
„სწორად ამ მიზეზების გამოა, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ბოლო ბოლო, გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა არადემოკრატიული ან არაევროპული. შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის ყველა მსგავსი კამპანიის მსგავსად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება. ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული და ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგისთვის, ასევე, კრიტიკული შეფასებების მოსმენისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღო.




























