„რუსული კანონის“ განხილვის პარალელურად სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სამი მიმართულებიდან - ილიას უნივერსიტეტიდან, თსუ-დან და რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან, პლაკატებითა და შეძახილებით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
„არა რუსულ კანონს. ჩვენი მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„დღეს მთავარი მოთხოვნაა საქართველოში ვინც ხელისუფლებაში არის და იქნება მომავალში, ისწავლოს ყველამ, რომ რუსული კანონებით და ასეთი ტონით საუბარი არ გამოვა, როცა სიტყვას იძლევი, უნდა დაიცვა ის. ამიტომ ვართ აქ და ამიტომ ვიქნებით კიდევ უფრო მეტნი პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„გარდა იმისა, რომ საქართველოს რუსეთიზაციის პოლიტიკა ისევ წამოიწყეს, დემონსტრაციულად მოგვაყენეს შეურაცხყოფა თითოეულ ახალგაზრდას, ვინც გასულ წელს, ამ დროს ფიზიკურად ვიცავდით ამ დროს საქართველოს ევროპულ მომავალს და ვიცავდით იმას, რომ საქართველოში რუსეთი არასდროს ყოფილიყო. ამდენი სტუდენტი გამოვიდა დილიდან აუდიტორიებიდან და არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ხელების ჩამოშვებას, ყველანი ბოლომდე ვიქნებით“, - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეკრებილია სამოქალაქო საზოგადოებისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში „რუსული კანონის“ განხილვების დაწყებაზე არ შეუშვეს.