მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აქციაში მონაწილეობდნენ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და აქტივისტები, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის კამპანიის სრულფასოვნად და ჰუმანურად ჩატარებას მოითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველები პროცედურების დასრულების შემდეგ თავიანთ პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
აქტივისტების განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ მათი სტერილიზაცია საკმარისი არ არის. მათი თქმით, პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლება და შემდგომ მათი ქუჩაში მიტოვება წარმოადგენს.
"ჩვენ აქ ვიკრიბებით იმიტომ, რომ ჩვენი ხმა, ეტყობა, ამათ არ ესმით. როგორც ისინი ამბობენ, რომ პოპულიზაციის მიზნით გაჰყავთ ძაღლები, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ უკვე კასსტრირებული და უკვე დაჩიპული ძაღლები მიჰყავთ და არ ამბობენ სად. ისინი უკან არ ბრუნდებიან. ჩვენ გვაქვს კითხვა მათთან, უკვე კასტრირებული ძაღლები, ჯანმრთელი ძაღლები რატომ მიჰყავთ და თუ მიჰყავთ, სად მიჰყავთ, რატომ არ ბრუნდებიან ისინი? გამოეყოთ მათ ბიუჯეტი სურსათი ეროვნულ სააგენტოს, რომ შეიძინონ დიდი რაოდენობით ლასო. ეს იმას ნიშნავს, რომ მასობრივად გრძელდება და იმაზე მეტი რაოდენობით ძაღლის გაყვანა, ვიდრე აქამდე იყო", - ამბობს მოქალაქე.
ცხოველთა დამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პრობლემის სრულფასოვანი აღმოსაფხვრელად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს.
მათ შორისაა:
- მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამის განხორციელება ჰუმანური სტანდარტების დაცვით;
- პატრონიანი, მათ შორის ჯიშიანი და მეტისი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა და მკაცრი კონტროლი;
- ქუჩაში ცხოველის მიტოვების აკრძალვა და შესაბამისი სანქციების გამკაცრება;
- ცნობიერების ამაღლებისა და ქუჩიდან ცხოველების აყვანის წამახალისებელი სოციალური კამპანიების წარმოება;
- ვეტერინარული კლინიკებისა და სამედიცინო პროცედურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი მიუსაფარი ცხოველების პრობლემის ჰუმანური და ეფექტიანი გადაწყვეტა.




























