მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაა აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია - კალაძე

ფეხბურთი
25.08.24 15:50
231

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა.

პრესრელიზის თანახმად, კალაძემ ახალგაზრდებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტები, რადგან ეს მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით. თბილისშიც არაერთი საინტერესო ახალგაზრდული პროგრამა გვაქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ სიახლეებს, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავუზიარებთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. შემთხვევითი არ არის, რომ რეკრეაციულ სივრცეებში, პარკებში, რომლებიც დედაქალაქში ეწყობა, ყველგან არის მსგავსი ადგილები გათვალისწინებული, რათა ყველას გქონდეთ ვარჯიშის, სწავლის, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კალაძემ ბანაკის მონაწილე სტუდენტებთან ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანას ისე როგორც არასდროს, მშვიდობის შენარჩუნება სჭირდება.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ის წლები, როდესაც სპორტული თუ რეკრეაციული სივრცეების გასხვისება მიზანმიმართულად ხდებოდა. იმ ადგილებში კი, სხვადასხვა მშენებლობა ხორციელდებოდა. ჩვენ, რაც ქალაქის მთავრობაში მოვედით, რადიკალურად განსხვავებული მიდგომები დავნერგეთ. ბევრი პარკი, მულტიფუნქციური და მწვანე სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია. გვერწმუნეთ, ჩვენს ყოველდღიურობაში, რა სფეროშიც არ უნდა იყოთ, სპორტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მართალია, ჩვენს წინაშე არის ბევრი გამოწვევა, თუმცა, მშვიდობას ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი. მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, ეკონომიკური სიძლიერით, გონიერებითა და სწავლა-განათლებით შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“, - მიმართა კახა კალაძემ ახალგაზრდებს.

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. სტუმრებს მასპინძლობა კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები