თბილისის მერიამ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საქმიანობა შეაჯამა. პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ თითოეულ კომპონენტში გატარებულ ღონისძიებებსა და პროგრამებზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა თანხა დაიხარჯა დედაქალაქის ბიუჯეტიდან თითოეულ მათგანზე.
კულტურა
"პრაქტიკულად, არ იმართება არცერთი ღონისძიება დედაქალაქში, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტი რაიმე ფორმით არ მონაწილეობს", - ასე შეაფასა ანდრია ბასილაიამ მერიის მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ "საჯარო ხელოვნების ფონდმა", რომელიც მერიის ხელშეწყობით 2023 წელს შეიქმნა, ორწლიანი საქმიანობის განმავლობაში, განახორციელა რვა პროექტი, მათ შორისაა: ქანდაკება, ინსტალაცია, საუნდ არტი, ფოტოგრაფია; 50-მდე საგანმანათლებლო აქტივობა; შეიქმნა 30-მდე ტექსტი: რეცენზიები, კვლევები და თარგმანები. გარდა ამისა, სამუზეუმო ფონდი გაიზარდა 1 000-ზე მეტი ერთეულით.
ბასილაიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ჩატარდა 400 სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი და კონკურსი; 350-მდე სპექტაკლი; 400-მდე საიუბილეო და სახელოვნებო/სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო და კონცერტი; 300-ზე მეტი სახელმწიფო, რელიგიური და სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიება; 500-ზე მეტი საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება; 80-მდე გაცვლითი კულტურული პროექტი.
სპორტი
ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის მერიამ 2 000-მდე სპორტული პროექტი დააფინანსა. მათ შორის: "პროფესიონალი სპორტმენების შეჯიბრებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ტურნირებზე გასვლა, მოქალაქეების აქტიური ჩართვა სპორტში და ა.შ.". სპორტის 49 სახეობაში 350 მწვრთნელი მუნიციპალიტეტისგან დამატებით ანაზღაურებას იღებს, სპორტის 32 სახეობაში ყოველწლიურად ფინანსდება 18 წლამდე ასაკის 260 სპორტსმენი. დაფინანსდა 268 სპორტული კლუბი და ორგანიზაცია. 18 წლამდე ასაკის 1 700 სპორტსმენს ჩაუტარდა კომპლექსური სამედიცინო შემოწმება/სკრინინგი.
"თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნიკალურია. აქ მომზადებას გადის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა პარასპორტსმენი. მომზადება სპორტის 14 სახეობაში ხდება. ცენტრში ფუნქციონირებს ფიტნეს-გამაჯანსაღებელი სექცია. საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია 280 შშმ პირი და 19 მწვრთნელი", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
განათლება და ახალგაზრდობა
მერის მოადგილის განმარტებით, განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით 900-მდე პროექტი დაფინანსდა, რომლებითაც ჯამში ნახევარმა მილიონმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
"არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სწავლა დაუფინანსდა 19 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს. ბოლო წლებში დაემატა მრავალშვილიანი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების კომპონენტი. უკვე 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით... შევიმუშავეთ წარჩინებული მაგისტრანტების სტიპენდია, რაც მუნიციპალიტეტის სახელით გაიცემა. 5 000-მდე მაგისტრანტმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით", - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
მისივე განცხადებით, 20 000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა ახალგაზრდული ბანაკების პროგრამით, რომელიც თბილისის შემოგარენში საზაფხულო ბანაკების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე 20 000-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა სტუდენტურ ფესტივალში, რომელიც 2018 წლიდან ყოველ წელს იმართება. ბასილაიას თქმით, 39 პროექტი დაფინანსდა ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც.
მერმა კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წელს დაწყებული "ისწავლე და დასაქმდი" პროგრამის ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.




























