27 ივნისიდან საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ურთიერთთანამშრომლობის ამ თანხმობას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საამიროების მხრიდან საქართველოსთვის ბაზარი ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე გაიხსნა, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ.
ვიდრე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დადებული შეთანხმების შედეგებს დავაკვირდებით, ვნახოთ როგორი იყო აქამდე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობა ინვესტიციების, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
ინვესტიციები
არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ადგილად 2005 წლიდან ხდება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქვეყნის ეკონომიკაში საამიროებიდან თანხების ჩადება. არაბულმა ინვესტიციებმა საქართველოს FDI-ში პიკს ძალიან მალე 2008 წელს მიაღწია, რა დროსაც 306.5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
ამის შემდეგ წლიდან წლამდე ფულადი ნაკადების მოცულობები არაერთგვაროვანი იყო. 2023 წელს FDI-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების წილი მცირე იყო და 36.1 მლნ დოლარს შეადგენდა.
სავაჭრო ბრუნვა
საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროების ვაჭრობის ისტორიას რომ გადავხედოთ, სტატისტიკა აჩვენებს რომ სავაჭრო ბრუნვის რიცხვები ხან იზრდებოდა, ხან კი პირიქით - მცირდებოდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი მზარდია. 2024 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 140 მილიონ 163 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.8%-ით ჩამორჩება.
ვაჭრობის სტატისტიკაში ექსპორტი მცირე ადგილს იკავებს, თუმცა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოსთვის საამიროებში საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 6.5%-ით 22 მილიონ 935 ათას დოლარამდე გაიზარდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქვეყნიდან ერთ-ერთი მსხვილი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომელიც ძირითადად რეექსპორტით გადის. წლის ამ პერიოდში ქვეყნიდან საამიროებში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა თუმცა ღირებულება შემცირდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებში ექსპორტირებული TOP-5 უმსხვილესი საქონლის რეიტინგი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $5.3 მლნ, 174 ცალი;
- საფრენი აპარატები - $5 მლნ, 4 ტონა;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $3 მლნ, 6 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.4 მლნ, 2 713 ტონა;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $1.1 მლნ, 118 ტონა;
ამ საქონლის გარდა საამიროებში ასევე გავყიდეთ სატვირთო ავტომობილები, მოწყობილობები თამბაქოს დასამზადებლად, ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, დაუმუშავებელი ოქრო და ა.შ.
რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველ ხუთ თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქონლის შესაძენად 16.9%-ით ნაკლები თანხა გავიდა და იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 117 მილიონ 228 ათასი დოლარი შეადგინა. შემცირებული იმპორტის მიხედვით, წელს იანვარ მაისში მთავარი საიმპორტო საქონელი სატელეფონო აპარატები და ფიჭური და სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონები იყო. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:
- სატელეფონო აპარატები - $53.7 მლნ, 87 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $7.2 მლნ, 225 ცალი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $4.5 მლნ, 12 ტონა;
- საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - $4.1 მლნ, 38 ტონა;
- შაქარი - $3.5 მლნ, 6 000 ტონა;
ამასთან, ხუთ თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიყიდეთ ექსპლუტაციაში ნამყოფი ავტომანქანების ნაწილები, მიკროფონები, ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის ნაწილები, სატელევიზიო კავშირის მიმღები აპარატურა, სიგარები და სიგარილები და ა.შ.
ტურიზმი
ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურიზმი დადებითი დინამიკით ხასიათდება. გასულ 2023 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 15 636 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 18.9%-ით, ხოლო 2019 წლის, ანუ პანდემიამდე რიცხვებს 49.1%-ით აღემატება.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, ამ პერიოდისთვის ქვეყანაში საამიროებიდან 2 618 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის პირველი კვარტალს 5.7%-ით ჩამორჩება, თუმცა 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს 13%-ით აჭარბებს.