საქართველო ფეხბურთის ეროვნული ნაკრები EURO 2024-ის მერვედფინალშია. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დღეს - 30 ივნისს, თბილისის დროით 11 საათზე შეხვდება.
საქართველო-ესპანეთის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, BM.GE ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას გთავაზობთ. ინვესტიციების, ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით საქართველო-ესპანეთის კავშირები წლების განმავლობაში ვითარდებოდა და იზრდებოდა.
ინვესტიციები
საქართველოში პირველი ესპანური ინვესტიცია 2007 წელს შემოვიდა, რაც არც ისე დიდი მოცულობის იყო და 3 მლნ დოლარს აღემატებოდა. მას შემდეგ ესპანეთიდან FDI-ის ნაკადები არათანაბარი იყო, ხან იზრდებოდა, ხან კი მცირდებოდა, თუმცა მოცულობები მცირე იყო. საქართველო ესპანელი ინვესტორებისთვის საინტერესო ბოლო წლებში გახდა, როცა 2022 წელს ამ მიმართულებიდან ქვეყნის ეკონომიკაში ჯამურად 360 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 2023 წელს ეს რიცხვი თითქმის 34 მილიონ დოლარი იყო, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 3.5 მლნ დოლარი იყო. 2022 წლის შემდეგ ესპანეთიდან საქართველოში ინვესტიცია ძირითადად ესპანური კომპანია Aqualia-ს მიერ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესყიდვით არის განპირობებული.
სავაჭრო ბრუნვა
საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში მზარდი ტენდენციის ხასიათდებოდა, თუ არ ჩავთვლით 2019 წელს, როდესაც ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი შემცირდა. 2023 წელს კი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 280.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან ვაჭრობაში ისტორიული მაქსიმუმია.
გასულ წელს ექსპორტზე მთლიან ვაჭრობაში მცირე წილი ეკავა და 80.7 მლნ დოლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში საქართველომ ესპანეთში საქონლის რეალიზებით თითქმის 30 მლნ დოლარით მეტი შემოსავალი მიიღო. მთავარი საექსპორტო საქონელი კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო.
2023 წელს ესპანეთში გაყიდული TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთი:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $56.5 მლნ, 28 670 ტონა;
- თხილის და სხვა კაკალი - $6.6 მლნ, 1 071 ტონა;
- აზოტოვანი სასუქები - $6.3 მლნ, 21 942 ტონა;
- არადენატურირებული ეთილის სპირტი - $5.3 მლნ, 2 635 ტონა;
- ფეროშენადნობები - $1.7 მლნ, 2 400 ტონა;
იმპორტს ესპანეთთან ვაჭრობის სტატისტიკაში მთავარი ადგილი უკავია. 2023 წელს ესპანეთიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად, ქვეყნიდან 199.7 მლნ დოლარი გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ესპანეთიდან შეძენილი TOP-5 უმსხვილესი საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილები - $25.7 მლნ, 40 150 ტონა;
- ქალის ან გოგოს კოსტუმები, კომბინიზონები, შორტები - $11.4 მლნ, 228 ტონა;
- სვიტერები, პულოვერების და ტრიკოტაჟის ნაწარმი - $6.7 მლნ. 132 ტონა;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $6.2 მლნ, 193 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $6.1 მლნ;
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი 5 თვის სტატისტიკას, ამ პერიოდში საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვა 27.2%-ით 95.6 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც მიმდინარე წელს ექსპორტის შემცირებით არის განპირობებული. საანგარიშო პერიოდში საქართველომ ესპანეთში საქონლის ექსპორტით მხოლოდ 13 მილიონ 183 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც 2023 წელის პირველ ხუთ თვეში ეს რიცხვი 51.5 მლნ დოლარი იყო.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ წელს საქართველოდან ესპანეთში არ გაგვიყიდია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელია. ამ პერიოდში ესპანეთში თხილის და სხვა კაკალი (6 მლნ დოლარი, 800 ტონა), აზოტოვანი სასუქები (3.2 მლნ დოლარი, 12 737 ტონა), ფეროშენადნობები (1.8 მლნ დოლარი, 2 108 ტონა) და მცირე მოცულობებით სხვა საქონელიც გავიტანეთ.
ექსპორტის შემცირების პარალელურად, 5 თვის სტატისტიკით ესპანეთიდან საქონლის იმპორტი მზარდია. იანვარ-მაისში საქართველომ ჯამში 82 მილიონ 515 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც თითქმის 3 მლნ დოლარით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს.
ტურიზმი
პანდემიის შემდეგ ესპანეთიდან ტურიზმის აღდგენის ტემპი ნელი იყო. 2023 წელს საქართველოში ესპანელი ტურისტების მიერ 12 943 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წელთან შედარებით 5.9%-ით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო 2022 წლის ვიზიტებს 68%-ით აღემატება.
2024 წლის პირველ კვარტალში პანდემიამდე არსებული მაჩვენებელი აღდგა. წლის პირველ მეოთხედში საქართველოში ესპანეთიდან 3 077 ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის რიცხვებს 112.4%-ით, 2022 წლისას კი 119.3%-ით აღემატება.