მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა

64146bbfed879
სალომე ხიდურელი
17.03.23 17:42
766
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით” – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ორ ქვეყანას შორის შორის მოლაპარაკებების დასრულებისას განაცხადა.

მოლაპარაკებები შეეხებოდა ყოვლისმომცველ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დაწყების საწინდარია.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და საამიროებს შორის მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდი თბილისში გაიმართა - 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ლევან დავითაშვილმა და საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ტარიფების გარეშე ვაჭრობის საკითხებს. და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების დაცვის დოკუმენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და წინაპირობა იქნება, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს. ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არაერთ სფეროს და საკითხს დაფარავს - საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობის და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები