მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბთა გაერთიანებული საამიროები ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს

63eb7d584c739
გიორგი თოლორდავა
14.02.23 16:33
822
არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის, ე.წ. CBDC-ს გამოშვებას გეგმავს.

მთავრობის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმით ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ციფრული საგადახდო სისტემის განვითარება და სრულად უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლა განისაზღვრა.

ციფრულ დირჰამზე მუშაობა უახლეს მომავალში დაიწყება, სრულად CBDC-ზე გადასვლას კი რამდენიმე წელი დასჭირდება.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.

კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები