მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბული ლოგისტიკური გიგანტი AD Ports-ი, რომელიც შეიძლება ანაკლიით დაინტერესდეს|პაატა ცაგარეიშვილის მოსაზრება

ანაკლიის პორტი

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ "ლენდლორდის" მოდელი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას გეგმავს, ფინანსურად უფრო ძლიერი სახელმწიფოებისთვისაა აპრობირებული.

რაც შეეხება პორტის პოტენციურ ოპერატორებსა და ინვესტორებს, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს „შუა დერეფნის“ გასწვრივ არაბული ლოგისტიკური გიგანტის AD Ports-ის მზარდ აქტივობას.

„ეს მოდელი როგორც წესი, ფინანსურად უფრო ძლიერი სახელმწიფოებისთვისაა აპრობირებული. სწორედ აქ ჩნდება კითხვის ნიშანი შეძლებს კი ამის განხორციელებას რეალობა, როდესაც საქართველო არ არის ფინანსურად მყარ მდგომარეობაში, ქვეყანას არ გააჩნია ფინანსურად ტევადი პროექტების მაღალ დონეზე მართვის მენეჯმენტი და მით უმეტეს, PPP-სთან [საჯარო და კერძო თანამშრომლობა] დაკავშირებული გამოცდილება, ეს არის ძირითადი რისკები, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამ პროექტის განვითარებას.

მაგრამ თუ დავაკვირდებით პროცესს, რომ გარკვეულ ეტაპზე ფსკერის დაღრმავების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სწორედ ამ ნიშნით შევაფასებდი, რომ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და პროექტი საბანკო სექტორისთვის მისაღებად იქცევა.

რაც შეეხება კონკრეტულ ინვესტორს, ის დღესდღეობით, რა თქმა უნდა, არ ჩანს, თუმცა მოდით, ასე ვთქვათ: „შუა დერეფნის“ გასწვრივ ოპერირებს არაბული კომპანია AD Ports-ი, რომელიც თითქმის მთელ პერიმეტრზეა წარმოდგენილი დაწყებული ჩინეთის ლიანიუნგანის პორტიდან, დამთავრებული თბილისში აშენებული მშრალი ნავსადგურით. ეს კომპანია დღესდღეობით აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც ორ-ორ საკონტეინერო გემს აშენებს და სურს, სრულად ჩაერთოს ამ დერეფანში. რატომ არ შეიძლება, რომ ახლო მომავალში სწორედ ეს არაბული ინვესტიცია შემოვიდეს და მან დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი ადგილი?! მოდით, დავაკვირდეთ ამ პროცესსაც," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეიცვალა. 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და ე.წ. ლენდლორდის მოდელით განვითარდება. ეს უკვე მესამე მოდელია, რომელიც პროექტის დაწყებიდან 12 წლის განმავლობაში შეირჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები