ვაზიანში ახალი აეროპორტის ასაშენებლად ფინანსური რესურსის მოზიდვაზე სახელმწიფო უკვე მუშაობს - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება იმ პროექტებისკენ უნდა მიემართოს, რომელიც ფინანსურად აეროპორტზე ნაკლებად მიმზიდველია.
" ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში არა ერთი პოტენციური ინვესტორი გვყავდა, რომელიც დაინტერესებულია აეროპორტის გაფართოებაში მიიღოს მონაწილეობა. ვთვლით, რომ ეს რამდენადაც ფინანსურად მიმზიდველი პროექტია, სახელმწიფო, ამ შემთხვევაში აეროპორტების გაერთიანება შეძლებს ფინანსების დიდი ნაწილი მოიზიდოს სახელმწიფო დაფინანსების გარეშე.
ეს არის მთავარი, რომ ბიუჯეტისთვის არ იყოს დამატებითი წნეხი ამ პროექტის განხორციელება. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც ფინანსურად შეიძლება არც ისეთი მიმზიდველი იყო, აეროპორტთან შედარებით და სწორედ ასეთ პროექტებზე უნდა მოხდეს სუვერენული დაფინანსების მიმართვა.
აეროპორტი ცხადია, ფინანსურად ძალიან საინტერესო პროექტია და აეროპორტების გაერთიანება მოიზიდავს. ამაზე უკვე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მიდის მუშაობა", - თქვა დავითაშვილმა.
კითხვაზე ვინ იქნება მფლობელი, მინისტრი პასუხობს, რომ დიდწილად ან სრულად სახელმწიფო.
"ჩვენ მოქნილი ვართ რომ სხვადასხვა მოდელი განვიხილოთ, მაგრამ ვფიქრობთ რომ დიდწილად ან სრულად, მფლობელი იქნება სახელმწიფო" - განაცხადა დავითაშვილმა.