მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ბიუჯეტზე წნეხის გარეშე, ინვესტიციების მოზიდვით გეგმავს - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა ჯამურად $1.2 მლრდ დაჯდება, თუმცა ფინანსების მოზიდვა არასუვერენული არხებით მოხდება, რადგან პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველია - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გათვლები და გეგმა, რომ აეროპორტი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ ის თავისუფლად მოემსახუროს გაზრდილ მგზავრთნაკადს. ასევე, აეროპორტი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ მან შეძლოს საერთაშორისო დამაკავშირებლის ფუნქცია იტვირთოს. ეს ეხება, როგორც მგზავრთგადაყვანებს, ასევე სატვირთო გადაზიდვებს და ამ კუთხითაც ჩვენი ამოცანებს თბილისის ახალმა აეროპორტმა შეიძლება სრულად უპასუხოს. ამ შემთხვევაში, საუბარია ნაწილობრივ ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროდრომის გამოყენებაზე იმისთვის, რომ ახალი აეროპორტი განვითარდეს, ცენტრი, ჰაბი ასეც შეიძლება დავარქვათ, რომელიც ავიაციის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს 1 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროცესია და სრული ორი ფაზა 1 მლრდ 200 მლნ დაჯდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელდება.

ეკონომიკური ეფექტი მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს და ჯამურად აეროპორტის 2 ფაზის განვითარების წილი მთლიან მშპ-ში 5%-ზე მეტია. მას, რა თქმა უნდა, მიმზიდველი ფინანსური მაჩვენებლები აქვს და ესეც, მიზანშეწონილობის კვლევაში გათვალისწინებული იყო, რომ ეს ინვესტიციებიც საბიუჯეტო წნეხის გარეშე განხორციელდეს. ჩვენი ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ ეს პროექტი იმდენად მიზანშეწონილი და ეკონომიკურად მიმზიდველია, რომ ჩვენ დაფინანსების მოძიებას არასუვერენული არხებით შევძლებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები