ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ვაზიანში, ახალი აეროპორტის მშენებლობა სხვა ტერიტორიებსაც განავითარებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი აეროპორტი რუსთავს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად განავითარებს, ასევე, იქნება მნიშვნელოვანი დასაქმების ადგილი რუსთავის მცხოვრებლებისთვის.
"ვაზიანში აეროპორტის მშენებლობა საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, რომ განვავითაროთ სრულად ახალი ტერიტორიები. თბილისისთვისაც ეს აჩენს ახალ ურბანულ შესაძლებლობებს. ასევე, სივრცითი განვითარების კუთხით თუ წარმოვიდგენთ, ჩავთვალოთ, რომ ახალი ტერიტორია მოგვცემს საშუალებას მეტად მოხდეს რუსთავის განვითარება და რუსთავის მოსახლეობისთვის ჩნდება დასაქმების ახალი ადგილები. აეროპორტი ეს არ არის მხოლოდ ავიამიმართულება. მას აქვს ბევრი დამხმარე სერვისი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. ამ კუთხითაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ბენეფიტია და ხელს შეუწყობს აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის დაკავშირებადობის კუთხით.
იცით, კახეთისკენ მომავალი ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. ზუსტად გამარჯვებიდან რუსთავამდე გზის მონაკვეთი გაივლოს ახალი აეროპორტის ტერიტორიას. ეს საშუალებას მოგვცემს, არსებული ტერიტორიები, ანუ დღევანდელი აეროპორტის ტერიტორიები გამოვიყენოთ განვითარებისთვის. ქვეყანას მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს, იგივე საკონვენციო ცენტრების განვითარების კუთხით. წელს ვმასპინძლობთ მნიშვნელოვან საქმიანი ტურიზმის გამოფენას, მაგრამ ამ ინფრასტრუქტურის ნაკლებობას ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდის. ამ კუთხითაც ჩნდება შესაძლებლობები, რომ ეს ტერიტორიები ეფექტურად გამოვიყენოთ", - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის იდეა პირველად 2023 წლის 5 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა და გეგმას ამბიციური უწოდა. ამის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა აეროპორტისთვის ახალი ადგილის შესწავლაზე ისაუბრა.