საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და IMF-ს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და პროგრამის შეჩერებაში სანერვიულო არაფერი არაა.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ფონდის პროგრამის შეჩერება ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დადგინდა. აღნიშნულ კანონპროექტზე ჰქონდა დადებული პრეზიდენტს ვეტო, რაც პარლამენტმა ივნისში დაძლია, მისი მიღების შემდეგ კი სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩიეს, რომელმაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი დაიკავა.
“რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არაფერი სანერვიულო არ არის. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან, ეს უბრალოდ შეჩერებულია. როდესაც კანონი შევცვალეთ ჩვენ და პირველი ვიცე-პრეზიდენტის როლი შემოვიღეთ, მაშინ მოხდა შეჩერება პროგრამის. ახლაც თქვეს რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, მე ვფოიქრობ რომ ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხით,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავად სავალუტო ფონდში პროგრამის შეჩერების მიზეზებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარისგან ამჟამად თავს იკავებენ.
26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი ყველაფერს იღონებს, რათა სავალუტო ფონდის პროგრამა აღდგეს.