მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არაფრის თქმა, გარკვეულწილად, შიშიც არის, ზეწოლა რომ არ მოჰყვეს” - იაგო ბიტარიშვილი რუსულ კანონზე

#BMGDRIVE-ის მგზავრი: იაგო ბიტარიშვილი

"ამ დღეებმა აჩვენა, რომ პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მგონი, აღარც დარჩა ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანი თუ კომპანია” - ასე აფასებს “იაგოს ღვინის” დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი, ბიზნესის როლსა და ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, რუსულ კანონთან დაკავშირებით, ბევრი ბიზნესი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს მოსალოდნელი წნეხის გამო იკავებს. ამის შესახებ ბიტარიშვილმა BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.

“მაინც ვხედავთ, რომ თავს იკავებენ [ბიზნესები]. არა იმიტომ, რომ არ აქვთ პოზიცია, არამედ იმიტომ, რომ, ვფიქრობ, ერიდებიან იმ დიდ წნეხს, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს. წნეხში იგულისხმება, მათ შორის, ბულინგიც სხვადასხვა საშუალებებიც, რაც ბიზნესს არაერთხელ გადაუტანია. მაგრამ, გვინდა თუ არა, ახლა ისეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში ვართ, რომ ეს აუცილებლად მოუწევს ყველა მოქალაქეს თუ კომპანიას”, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ხელისუფლება დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება, ბიზნესმა თავისი პოზიცია ყოველთვის უნდა დააფიქსიროს.

“ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება უფრო ნათელს ხდის, ვინ საით დგას. მე საერთოდ მგონია, რომ ამ კანონის მომხრე ისიც კი არ არის, ვინც მას ხმა პარლამენტში დაუჭირა. დარწმუნებული ვარ, რადგან, [დეპუტატები] სახლებში რომ მიდიან, იქ შვილები ხვდებიან, რომლებიც, შეიძლება, აქციიდან იყვნენ მოსულები.

ვიცით, უმეტესობას როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ევროპის მიმართ, მათი შვილები სწავლობენ იქ. წარმოუდგენელია, რომ ახლა ასე მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებული ევროპას და ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ დასავლური ღირებულებების მიმართ. მაგრამ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ. აქედან გამომდინარე, წყალგამყოფი, რომელიც, სამწუხაროდ, გაივლო, ბიზნესმა თავისი პოზიციით უნდა შეავსოს, ასეთ მომენტებში ყოველთვის”, - ამბობს “იაგოს ღვინის” დამფუძნებელი.

ბიტარიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესმენებისგან სიჩუმის დარღვევა გამბედაობას მოითხოვს, რომელიც ყველას არ აქვს.

“არაფრის თქმა, გარკვეულწილად, შიშიც არის, იმიტომ რომ, ამას არ მოჰყვეს შემდეგ გარკვეული სახის ზეწოლა. “გორგიას” აქციაზეც კი დავინახეთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამას, ამიტომ, ამხელა გამბედაობა ბევრს არ აქვს. უბრალოდ, სიტუაცია არ ტოვებს სხვა გამოსავალს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. წნეხიც და ემოციაც უფრო გაიზრდება და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება”, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები