ეკონომისტი აკაკი ცომაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციის შესაბამისად, "ოცნების" მიერ სებ-ისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერის გაცემის შეზღუდვას პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირებს.
საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების" წევრებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც ეროვნული ბანკის საბჭოს შეეზღუდება დისკრეციული უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს სებ-ის სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული წარმოადგენს მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულებას, რადგანაც ფონდმა ხელისუფლებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებისკენ მოუწოდა.
როგორც ეკონომისტმა BM.GE-სთან განაცხადა, ეს შესაძლოა არაღიარების და იზოლაციის ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობების დათბობის სურვილს უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, ამ რეკომენდაციის შესრულება სწორი ნაბიჯია, თუმცა კვლავ შეუსრულებელი რჩება IMF-ის სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
"ეს ფაქტი არის სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც გადაწყვიტა საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. თავისთავად ცუდი არ არის, როდესაც ხდება რეკომენდაციის გათვალისწინება, იმიტომ, რომ ზოგადად ძალიან სახიფათო არის ცენტრალური ბანკის სენიორაჟის სახელმწიფოს ბიუჯეტისათვის ჩუქება, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი თუ ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, გამოდის, რომ ცენტრალური ბანკი ბეჭდავს ფულს იმისათვის, რომ ეს ბიუჯეტი შეავსოს და ეს არ არის ჯანსაღი პროცესი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. სწორი რეკომენდაცია ჰქონდა სავალუტო ფონდს და, როგორც ჩანს, იწყებენ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას.
მე არ ვიცი რატომ, რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას ან რის მიღწევა სურს. შესაძლებელია, რომ არაღიარების და იზოლაციის ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობების დათბობა სურთ, მაგრამ აქ უნდა ხაზი გაუსვათ იმასაც, რომ არის კიდევ ბევრი სხვა რეკომენდაცია, რომელიც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს რეკომენდაცია და რომელიც ეხება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხს. საუბარი არის იმ პროცედურაზე, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჯერ იქნა დამტკიცებული როგორც მოვალეობის შემსრულებელი და შემდგომ არჩეული. ერთ-ერთი პრობლემა სავალუტო ფონდთან ესეც იყო",- ამბობს აკაკი ცომაია.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომით წარმოქმნილი ეკონომიკური სტიმულის მილევის ფონზე, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ალბათ არასახარბიელოა, ამიტომ შესაძლოა, მთავრობას სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენაც უნდოდეს.
"ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ გრძელვადიან პერიოდში, როგორც კი ის ფართოდ ცნობილი სტიმულები აღარ იმუშავებს ეკონომიკაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული და ეს ეფექტი, ასე ვთქვათ, ნელდება და ეკონომიკა ჯერ უბრუნდება თავისი განვითარების პოტენციურ ტემპს, ანუ სადღაც 5%-ის ფარგლებში და მერე სავარაუდოდ, გამომდინარე იქიდან თუ რა პოლიტიკური გარემო და ვითარება გვაქვს, ალბათ პოტენციურის ნიშნულსაც ვვარაუდობ, რომ მომავალში ჩამოსცდება. ალბათ ეს მოლოდინიც აქვთ ხელისუფლებაში და ცხადია, უნდათ ამ პროგრამის აღდგენა და სავალუტო ფონდის, ასე ვთქვათ, რეზერვების გამოყენება, თუმცა უფრო მეტად ალბათ ეს პოლიტიკურ ფაქტორსაც უკავშირდება, იმიტომ, რომ მათ გარკვეულწილად უფრო მეტად უნდათ რაღაცნაირად იყვნენ აღიარებული ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე და სინამდვილეში ეს ყველაზე მეტად აწუხებთ ჩემი აზრით",- ამბობს ეკონომისტი.




























