მთავრობამ კომპანია „არალი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. 2228-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ მოპოვებული წიაღისეული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის უნდა გამოიყენოს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, 2016 წლის 15 აპრილის 655-ე განკარგულებითაა გათვალისწინებული.
„არალის“ უფლება მიეცა ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მდ. აჭარისწყლის აუზში), 13 750 მ³ ანდეზიტის ლოდნარი 3 თვის განმავლობაში ულიცენზიოდ მოიპოვოს. განკარგულების გამოქვეყნებიდან 1 თვეში კომპანიამ ბიუჯეტში 41 250 ლარი უნდა გადაიხადოს და მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში მოპოვებული რესურსის ოდენობების შესახებ ინფორმაცია სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარუდგინოს.
10 წლის წინანდელი განკარგულებით შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იყო გაწერილი:
- აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა
- ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი გზის მშენებლობა
- სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი I გზის მშენებლობა
- სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი II გზის მშენებლობა
- სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი III გზის მშენებლობა
- სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი IV გზის მშენებლობა
- ქობულეთის შემოვლითი გზა ლოტი II გზის მშენებლობა
- ბაკურციხე-გურჯაანი (გურჯაანის შემოვლითი გზა) გზის მშენებლობა
- ზესტაფონი-სამტრედია ლოტი III გზის მშენებლობა
- თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მე-2 მონაკვეთის მოდერნიზაცია
- ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრება
დაგეგმილი პროექტები
- ჩუმათელეთი-ხევი (F1) გზის მშენებლობა
- ხევი-არგვეთა (F2+F3+F4) გზის მშენებლობა
- გრიგოლეთი-ჩოლოქი გზის მშენებლობა
- გრიგოლეთი-ფოთი გზის მშენებლობა
- ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
- ხულო-ზარზმა გზის რეკონსტრუქცია
- ჩუმათელეთი-ხარაგაული გზის რეკონსტრუქცია
- ბათუმი(ჭოროხი)-სარფი გზის მშენებლობა
- ნატახტარი-ლარსი გზის რეკონსტრუქცია - მშენებლობა
- თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა
- რუსთავი-წითელი ხიდი გზის მშენებლობა
- თბილისი-მარნეული-სადახლოს გზის მშენებლობა
- თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხე გზის მშენებლობა
- ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობა
- წნორი-ლაგოდეხის გზის მშენებლობა
- გურჯაანი (ჩუმლაყი)-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობა
- საირმე-აბასთუმანის გზის რეკონსტრუქცია
- საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
- ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა
- ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობა
- ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა
- სამტრედია-განმუხურის გზის მშენებლობა
ცნობისთვის, კომპანია „არალი“ 2004 წელს არის დაფუძნებული. მისი 25-25%-იანი წილების მფლობელები არიან დემეტრე თათეშვილი, რომელიც ასევე დირექტორია; მარგალიტა თათეშვილი, ეკა თათეშვილი, ბექა თათეშვილი.
























