სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ობიექტური რეალობის ჩვენებას ელოდება, რაც დაადასტურებს, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია.
ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ცერცვაძე მიიჩნევს, რომ პროცესები საჯარო უნდა ყოფილიყო, რათა ბრალდების მხარეს მანიპულაციის სივრცე არ ჰქონოდა.
ცერცვაძემ მედიასთან განმარტა, რომ ამ ეტაპზე სასამართლო პროცესზე იმ გამომძიებლების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, წინა სხდომაზე უკვე გამოიკვეთა ამ მოწმეების მიკერძოებულობა.
„დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.
პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები სოციუმის ცრუ ინფორმაციით გამოკვებას ემსახურება, რომ თითქოს პროცესზე ჟღერდება იმგვარი სახის ინფორმაცია მოწმეებისგან, რაც გრიგოლ ლილუაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ამხელს. პროცესების განხილვა უნდა ყოფილიყო საჯარო, რომ ბრალდების მხარეს მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონოდა სატელევიზიო კომენტარების დროს".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სამართალდამცავებმა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ, 23 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ბრალდებული და მისი უფლებადამცველები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და მას უსაფუძვლოს უწოდებენ.




























