2025 წლის მეორე კვარტალში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 10 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და 13.6% შეადგინა. სექტორულად აღურიცხავ ეკონომიკურ საქმიანობას ყველაზე დიდი წილი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის სექტორში აქვს.
აღურიცხავი ეკონომიკის წილი მაღალია ვაჭრობაშიც. რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე თვლის, რომ ეს ძირითადად მცირე ზომის მაღაზიებს და ღია ტიპის ბაზრობებს უკავშირდება, სადაც ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები სალარო აპარატების გარეშე ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება.
“საცალო სექტორი წამყვანია ზოგადად ჩვენს ეკონომიკაში, შესაბამისად, ჩრდილოვანი ეკონომიკის 18.1%-იანი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ბუნებრივია, ამის გამომწვევი არის არაორგანიზებული ბაზრის დიდი წვლილი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მცირე, უსახელო, არაქსელური მაღაზიები, სადაც, მათი დიდი ნაწილი არ იყენებს ფისკალურ აპარატს, სადაც, მოხდება გადახდების აღრიცხვა და გაფორმალურდება ეკონომიკის ტრანზაქციული ნაწილი. შესაბამისად, ეს უკვე ჩრდილოვან ეკონომიკაში და დაუკვირვებად ეკონომიკაში მიდის.
ასევე, გამოვყოფდი აგრარულ ბაზრებს, სადაც ქეშით მიმდინარეობს ვაჭრობა, ის აღურიცხავია და შესაბამისად, ეს არაფორმალური თემაც წარმოშობს პრობლემას, რის გამოც სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკა 18.1%-იან ნიშნულს აღწევს.
ასევე შეიძლება ამ ნაწილში შეიძლება ვახსენოთ, ის სუბიექტები, რომლებიც არაფორმალური, არა სადისტრიბუციო არხების გავლით, ახდენენ პროდუქტის შესყიდვა შავი ბაზრებიდან მესამე პირის სახელზე. ამ ტიპის განთავსებებიც, წარმოშობს და ხელს უწყობს, რომ იმას რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი იყოს 18.1% დღეისდღეობით. ეს არის ის სამი სავარაუდო მიმართულება, რომელიც სავარაუდოდ რითეილზე, საცალო სექტორში წარმოშობს ამხელა პროცენტს, რაც დაუკვირვებადი ეკონომიკის, ასე რომ ვთქვათ, წვლილზე აისახება რითეილ სექტორში,”- ამბობს რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე.




























