მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაპროგნოზირებადი გარემო თუ გვექნება, არც ერთი ინვესტორი თანხას არ ჩადებს"

5dff0b4b3f8c0
ანი ციხისთავი
22.12.19 11:18
1296
"დღეს ჯანდაცვის სისტემაში უამრავი თანხის მოზიდვაა შესაძლებელი, თუმცა თუ არაპროგნოზირებადი გარემო გვექნება, არც ერთი აქციონერი ჯანდაცვის სისტემაში თანხას არ ჩადებს”,- ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

კობახიძის თქმით, უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა და რომელსაც ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკები და სექტორული ასოციაციები ესწრებოდნენ, “საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ” წამოჭრა საკითხი: განისაზღვროს პროგნოზირებადი 3-4 წელი საყოველთაო ჯანდაცვაში, რათა ბიზნეს სექტორმა იცოდეს კონკრეტული გეგმისა და იმ ცვლილებების შესახებ, რაც შეიძლება ამ სფეროში იყოს მოსალოდნელი. მიზანი კი, კობახიძის განმარტებით, პროგნოზირებადი გარემოს შექმნაა, რაც ბიზნესს საკუთარი საქმიანობის ადეკვატურად დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

“საქართველოს ბიზნესასოციაციის” ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ სამედიცინო სექტორის მოთხოვნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ითხოვენ, თუ როგორ მოხერხდება ტარიფების დათვლა ახალი მექანიზმით.

იგულისხმება ფასები, რომლებიც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის განსაზღვრა. აღნიშნული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიუღებელი იყო; ისინი აცხადებდნენ, რომ ამ თანხით ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ შეძლებდნენ. სამინისტრომ კლინიკებს ხარჯთაღრიცხვის ხელახლა გადაგზავნა მოთხოვა და განაცხადა, რომ თუ სამედიცინო დაწესებულებები მოახერხებდნენ დასაბუთებას, რომ ესა თუ ის მანიპულაცია უფრო მეტი ჯდება, სამინისტრო ფასებს გადახედავდა - მსგავსი გადაწყვეტილება დეფიბრილატორთან დაკავშირებით უკვე მიღებულია.

“520-ე დადგენილებაში პრინციპული აღარაფერი შეიცვლება, ახლა განხილვები მხოლოდ რეკალკულაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს”,- აღნიშნავს კობახიძე.

“ბიზნეს ასოციაციის” კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 520-ე დადგენილების განხილვის შედეგად არც ერთ კლინიკას პაციენტებისთვის მომსახურება არ შეუწყვეტია, შესაბამისად ეს პროცესი პაციენტებამდე არ მისულა. “ეს ნამდვილად სამედიცინო სექტორის დიდი დამსახურებაა. ამ სექტორმა თავისი მოვალეობის შესრულება ძალიან კარგად იცის”,- აცხადებს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები