საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.
ქადაგიძემ “რუსული კანონიდან” გამომდინარე შექმნილ სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისგან წინასაარჩევნოდ რეპრესიების გაძლიერებაა მოსალოდნელი.
“არჩევნებამდე 60 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. ვფიქრობ, "ქართული ოცნება" კიდევ უფრო გააძლიერებს რეპრესიულ მარწუხებს. არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. უნდა გვახსოვდეს ყველაზე მნიშვნელოვანია - ორ თვეზე ნაკლებში ან გავაცილებთ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან და ჩავანაცვლებთ კოალიციური მმართველობით, შესაბამისად, საქართველო ევროპულ ტრაექტორიას დაუბრუნდება ან ეს რეესტრიც, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ჯგუფების წუხილიც უკან მოგვრჩება. არც ერთ ოლიგარქიულ, რუსულ სისტემაში არ არის სივრცე თავისუფალი ქმედებისთვის, არც ერთ დარგში. როგორც საქართველოს გვპირდება “ქართული ოცნება” ამის ნახვა ძალიან მარტივია, შეგვიძლია ვნახოთ რუსეთში, ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეაში და ა.შ.
უნდა გვესმოდეს, რომ ყველა, თითოეული ჩვენი პარტნიორი თუ ბიზნესი, ელოდება არჩევნებს, სადაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს ურყევი ნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მისწრაფებისადმი. ამ პროცესში რა თქმა უნდა, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან გავაცილებთ, ეს ჯარიმებიც უკან უნდა დაუბრუნდეთ არასამთავრობოებს, აქტივისტებს და ყველა უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანს”,- აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას - "გარდამტეხი წელი" ესწრება.