საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა იმ წრეში, რომლის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებები მოსახლეობაზე ახდენს გავლენას.
საკანონმდებლო ორგანოს პრესსპიკერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული წლის მარტში ქართველ ხალხს წაართვეს უფლება უფრო მეტი სცოდნოდათ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების შესახებ.
„სახელმწიფო გადაწყვეტილებებში ჩართული ინსტიტუციებიდან თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა, ყველა სხვა დანარჩენი - იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა - იცით, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე ვართ, ჩვენი დეკლარაციები ქვეყნდება - ამ წრეში, სადაც სახელისუფლებო გადაწყვეტილებები მიიღება, ყველა გამჭვირვალეა. არასამთავრობო სექტორი, სადაც ხელისუფლების მხრიდან არის მოლოდინი და რეკომენდაციაცაა, რომ ყველა დონეზე ჩართულნი იყვნენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღებაში, არის გაუმჭვირვალე - ამ დაფინანსებას, ჩვენ ყველაფერს ვერ ვხედავთ. ამას ვერ ხედავს სახელმწიფო, გარდა საგადასახადო სამსახურისა და რაც მთავარია ამას ვერ ხედავს საზოგადოება.
გამჭვირვალობა ის კი არ არის, ბიუჯეტში როგორი ანაგარიშსწორება მიდის და საბანკო გადარიცხვები ვის აქვს, გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის გამჭვირვალობას გულისხმობს. ჩვენ რატომ ვართ გამჭვირვალეები და რატომ ვაქვეყნებთ დეკლარაციებს, რამე ფეტიშიზმია, რომ იცოდნენ სად გვაქვს სახლი და რა მანქანა გვყავს - რატომ არის ბიუჯეტი გამჭვირვალე, ხომ შეიძლება რომ არ გვქონდეს, იმიტომ რომ არსებობს აზრი რომ ადამიანებს, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს მეტი მათზე, ვინც იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას - ეს არის იდეა. მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას პარლამენტი, მთავრობა და ვინ არის კიდევ ამ წრეში - ეს არასამთავრობო სექტორია, რომლის ჩართულობაც უნდა იყოს ამ პროცესში, რომელიც არ არის გამჭვირვალე.
თუ გინდათ მაგალითებს გეტყვით არამხოლოდ იმას, რომ გაუმჭვირვალეა, არამედ იმის, რომ პოლიტიკური პარტიები უკანონოდ ფინანსდება - არსებობს პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“, ის იღებს უცხოურ დაფინანსებას, რომელიც ხმარდება პარტიას - დაშვებულია ეს საქართველოში? - არ არის დაშვებული. კანონის დარღვევაა, გაუმჭვირვალეა და ეს პრობლემაა. კანონი დასჭირდება თუ პრაქტიკა, ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ქართველ ხალხს წაართვეს უფლება სცოდნოდათ მეტი მათზე, ვინც ჩართულნი არიან ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ადამიანებზე გავლენას ახდენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად შეუძლიათ ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტში პარლამენტის პლენარულ სესიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. მანამდე დედაქალაქში პარლამენტის შენობის წინ კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით, მოქალაქეთა საპროტესტო აქციები იმართებოდა.