საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ NGO-სექტორის დაფინანსებისთვის შექმნილი ფონდისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მთავრობაში ფიქრობენ, რომ ქვეყნის ინტერესების გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს არასამთავრობო სექტორმა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაფინანსების შესაბამისი წყაროები სჭირდებათ.
„ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტი პრიორიტეტების განსაზღვრის შესაბამისად დგება. არცერთი ქვეყნის ბიუჯეტი არ არის, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ის, რომ ჰქონდეს იმდენი ჭარბი რესურსი, არ იცოდნენ ამ რესურსებს რა დანიშნულება მისცენ. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ეკონომიკური ზრდა პირდაპირპროპორციულად კავშირშია ბიუჯეტის ზრდასთან, მაგრამ საჭიროებები ქვეყანას აქვს საკმაოდ ბევრი, ბევრია პრიორიტეტი და პრიორიტეტის მიხედვით ხდება ამ თანხების განაწილება. მათ შორის, რაზედაც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა.
ის, რომ არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ნათლად წარმოგვიდგენია, რომ გარდა ყოველდღიური ამოცანებისა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ, ამ ამოცანების შესასრულებლად და ქვეყნის ინტერესების გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს არასამთავრობო სექტორმა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაფინანსების შესაბამისი წყაროები სჭირდებათ. ასეთი ძალიან ბევრი მიმართულებაა: საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის, დემოკრატიის და სხვა მიმართულებები, რასაც, რა თქმა უნდა უნდა, როგორც პრიორიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტი საჭიროებისამებრ უპასუხებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის არეალი არის ძალიან ფართო, მათ შორის მოიცავს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებასაც და ა.შ.
„შეიძლება, ამა თუ იმ საჭიროებას, რომელიც ქვეყანაში დგას, უპასუხოს როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. აქ შეიძლება იყოს სწორი ბალანსი, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაც, გამოცდილებაც და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი პრაქტიკაა თუ კონკურსის პირობებში, გამჭვირვალედ, ორგანიზაციები მოახერხებენ დაფინანსების მიღებას საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებში დასახმარებლად. ვფიქრობ, ეს იქნება ნორმალური და ცივილიზებული პროცესი,“ - განაცხადა დავითაშვილმა.