მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასერტიფიცირებული საძირეების გაყიდვით, ქართული ღვინის გენოფონდი ნადგურდება - „ფაფრის ველი“

63b5657917cda
მარიამ დემეტრაშვილი
05.01.23 09:55
949
კომპანია „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მთავარი შემაფერხებელი არასერტიფიცირებული სარგავი მასალის გაყიდვაა. მისი თქმით, გაურკვეველ საძირეებზე დამყნობილი ვაზის ნერგებით გაშენებული ვენახით ხარისხიანი ღვინო ვერ იწარმოება. ბიოღვინის მწარმოებელი თვლის, რომ ეს ყველაფერი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გააკონტროლოს.

„არის ისეთი ფუნდამენტური მომენტები, რის გარეშეც მეღვინეობა ხარისხის თვალსაზრისით არ განვითარდება არც ერთ ქვეყანაში. ეს პირველ რიგში შეეხება მევენახეობას, რომლის კონტროლს ჩვენს ქვეყანაში არ ექცევა სათანადო ყურადღება. ჩვენთან გაურკვეველ საძირეებზე დამყნობილი ვაზით შენდება ვენახები, რომელსაც გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია მევენახეობისთვის", - ამბობს შალვა ქურდაძე BMG-სთან საუბარში.

მისივე თქმით, სერტიფიცირებული საძირეები ძვირია, ამიტომ მცირე მეწარმე იძულებულია წავიდეს და „შავ ბაზარზე“ გაურკვეველ ძირებზე დამყნობილი ნერგი იყიდოს.

"3 წლის შემდეგ ბევრი მათგანი ხვდება, რომ იყიდა საფერავი და ამოვიდა რქაწითელი, ისიც რაღაც საშინელ საძირეზე დამყნობილი. მინახავს ბევრი ვენახი, რომელმაც სიცხეს ვერ გაუძლო და გადახმა იმიტომ, რომ ის საძირე არ იყო ხარისხიანი. ამის შემოწმებას რაღა უნდა? ინტერნეტი სავსეა განცხადებებით. რატომ არ ფიქრობს სააგენტო ამ საკითხის დარეგულირებას?

მე ვთვლი, რომ ეს დანაშაულია ქართული ღვინის მიმართ. ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქართულ მეღვინეობას. არასერტიფიცირებული საძირეების გაყიდვით, ჩვენ თვალწინ ქართული ღვინის გენოფონდი ნადგურდება“, - ამბობს შალვა ქურდაძე BMG-სთან საუბარში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები