მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბაზარი ძალიან დამღლელი, ხარჯიანი და აბსურდულია - "ფაფრის ველი“

63aad8f14a15c
მარიამ დემეტრაშვილი
02.01.23 17:00
8110
მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველი“ საქართველოს ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციის მინიმუმამდე დაყვანას არ გამორიცხავს. როგორც BMG-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამბობს, ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა და მეორე მხრივ, სავაჭრო ობიექტების დაბალი გადახდისუნარიანობაა.

„სამწუხაროდ,  მცირე მეწარმე საქართველოში სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის დროს სხვადასხვა უსიამოვნებისგან დაცული არ არის. მაგალითად, როდესაც რეალიზაციისთვის ვაბარებთ პროდუქტს, ჩვენ წინასწარ გვიწევს აქციზის და დღგ-ის გადახდა და არა მაშინ, როცა პროდუქცია გაიყიდება. ეს ცოტა აბსურდული მგონია. ვიცი, რომ ჩემი კოლეგა ბევრი მცირე მეწარმე საერთოდ არ ყიდის საქართველოში თავის ღვინოს. ძალიან არ მინდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ შესაძლოა, ჩვენი ფირმაც ამ მიმართულებით წავიდეს და კიდევ უფრო მინიმუმზე დავიყვანოთ საქართველოში გაყიდვები“, - ამბობს შალვა ქურდაძე.

მისი თქმით, საქართველოში რესტორნების უმეტესობა ცუდი გადამხდელია.

„საქართველოს ბაზარი საკმაოდ დამღლელი და ხარჯიანია. ბიზნესის თვალსაზრისით, ძალიან აბსურდულია, როცა გადასახადებს იხდი მაშინ, როცა საქონელი არ გაგიყიდია და ზოგჯერ კიდევ წლობით გიგვიანებენ რესტორნები გადახდებს. არ მგონია, რომ ჩვენი, მეღვინეების შრომა ნაკლებად დასაფასებელია, ვიდრე ნებისმიერი რესტორნის, თუნდაც ელიტარულის კულინარიული წარმატებები. ყოველგვარი მოტივაცია მესპობა, რომ თუნდაც 5-10 ბოთლი გამოვყო ღვინოდან, რომელიც 7 წლის დაძველებულია“, - თქვა მან.

რაც შეეხება გაყიდვის მაჩვენებლებს, „ფაფრის ველმა“ 2022 წელს, დაახლოებით, 20 000 ბოთლის რეალიზაცია განახორციელა. ამჟამად კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 21 ქვეყანაში იყიდება.

„მშვენიერი წელი იყო. ჩვენდა გასაკვირად, პანდემიის პერიოდში, ექსპორტში მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა. უკვე 21 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი ჩვენი ღვინო. შიდა ბაზარი ამ წელს დაიძრა, თუმცა მისი წილი ძალიან მცირეა ჩვენთვის.

დაახლოებით, 20 000 ბოთლამდე გავყიდეთ. მცირე მეწარმისთვის ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წელს ძალიან კარგი რთველი იყო. იმედით ვუყურებ მომავალს, რომ ექსპორტი კიდევ უფრო გაგვეზრდება“, - თქვა შალვა ქურდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები