მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის საჭიროა ქვეყანაში მევენახეობის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგას.
შალვა ქურდაძე ამბობს, რომ ყურადღება ვენახების სწორად გაშენებას უნდა მიექცეს, ასე კი ფერმერები შეძლებენ ხარისხიანი ყურძნისგან, მაღალი ღირებულების, საექსპორტო ბაზრებისთვის საინტერესო ღვინის წარმოებას.
„ქართულ მეღვინეობაში ბევრი რამეა გადასახედი. თუ გვსურს კარგი ხარისხიანი ღვინო ვაწარმოოთ, უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს მევენახეობას და არა მარნების ან ქარხნების მშენებლობას. ეს არის პირიქით პროცესი, ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ საქმეს ადამიანი არა ვენახების გაშენებით - არამედ მარნის აშენებით იწყებს. ეს იგივეა სახლის მშენებლობა, სახურავით დავიწყოთ.
სამწუხაროდ შედეგიც სახეზეა. ტურიზმის იმედი აღარ გვაქვს, მთელი იმედი ხარისხიანი ღვინის წარმოებაშია, რაც ხარისხიანი ყურძნის გარეშე შეუძლებელია“ - განმარტავს შალვა ქურდაძე.
აღსანიშნავია, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული საქართველოს არაერთი რეგიონი სტიქიებს ებრძოდა. სეტყვამ განსაკუთრებული ზარალი მევენახეებს მიაყენა. „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ შემთხვევაში ზარალი მინიმალურია.
„ჩვენი კომპანიის ჭრილში ზარალი 10%-ს შეადგენს. ჭარბი ნალექი სოკოვანი დაავადებების რისკს ქმნის, ამიტომ ვენახების მოვლა რთული იყო, თუმცა შესაძლებელი.
ჩვენი ვენახები მთის ფერდობზეა გაშენებული. აქ ტენიანობა დიდხანს არ ჩერდება“ - აღნიშნავს ის.