პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია AK Party აქტიურად მუშაობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც 16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას მოიცავს. არსებული ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი შეეხება 16-18 წლამდე მოზარდებსაც, თუმცა მათ შემთხვევაში დაწესდება გამკაცრებული კონტროლი, რათა შემცირდეს თინეიჯერების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკები.
ინიციატივა განსაკუთრებით მიემართება ციფრული ხელსაწყოების ღამის საათებში მოხმარებას და ითვალისწინებს ისეთ ზომებსაც, როგორიცაა არასრულწლოვნებზე რეგისტრირებული მოწყობილობებისთვის ინტერნეტის ღამით სრულად გათიშვა. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც კანონპროექტშია ასახული, უკავშირდება ისეთი სათამაშოების მკაცრ შემოწმებას, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული. ამ მხრივ, სრულფასოვნად შემოწმდება, რა ტიპის და რა ინფორმაციით გაჯერებულ AI ასისტენტს იყენებს სათამაშო და თუ დადგინდება, რომ ის ეროვნულ რეგულაციებს არღვევს, მისი გაყიდვა ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქვეყანა სოციალურ ქსელებზე შეზღუდვებს აწესებს. ამჟამად არსებული მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო მილიონამდე ვებგვერდისა და არაერთი სოციალური პლატფორმის საქმიანობას ზღუდავს, მათ შორის არიან ონლაინ სათამაშო პლატფორმა Roblox-ი და საკომუნიკაციო პლატფორმა Discord-ი, რაც ეროვნული ინტერესების დაცვითაა ახსნილი.
თუმცა, ამჯერად, ოფიციალური ანკარა ყურადღებას არასრულწლოვნების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოებისთვის სწორედ მსგავსი შეზღუდვების დაწესებაა საჭირო.
პარლამენტისთვის განსახილველად მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ვერ მოახერხებენ ასაკობრივი კონტროლის ბერკეტების შემოღებას და ვერ უზრუნველყოფენ მათ ეფექტურ მუშაობას, მძიმე შეზღუდვებისა და ჯარიმების წინაშე დადგებიან. კერძოდ, საუბარია გლობალური შემოსავლების 3%-ის გადახდაზე და ინტერნეტპროვაიდერების დახმარებით ქსელზე წვდომის მკვეთრად შეზღუდვაზე.



























