“სებ-ის მხრიდან სავალუტო ინტერვენციები წელსაც არანაკლები მოცულობით განხორციელდება”- ამის შესახებ თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
როგორც ნადარაია ამბობს, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ლარის კურსის საკითხი განხილული იყო, თუმცა საუბარი არ ყოფილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ლარის კურსის დასტაბილურების მიმართულებით იქნება გადადგმული.
“სავალუტო ინტერვენციები სრულად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და ზოგადად ჩვენ ველით, რომ ინტერვენციები არანაკლები იქნება ვიდრე შარშან. შეხვედრაზე ორივე მხარის მხრიდან ჩანდა, ამ საკითხის მიმართ ცალსახა დამოკიდებულება. ყველას ერთნაირი დამოკიდებულება აქვს, რომ არასტაბილური ლარი არის დამაზიანებელი როგორც ბიზნესისთვის, ისე ფასების კუთხით, ეს დამოკიდებულება ნამდვილად ჩანდა”-აცხადებს თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.
შეხვედრის დაწყებამდე კერძო სექტორი ამბობდა, რომ ძირითადი აქცენტი მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე გაკეთდებოდა. შეხვედრის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმა ირალი ღარიბაშვილთან 10 ძირითადი საკითხი განიხილა, რომელიც მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად სხვა მიმართულებებსაც აერთიანებდა.
“მარტო მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე არ იყო შეხვედრაზე საუბარი. იყო საუბარი სასამართლოზე, ასევე განხილული იყო განათლების რეფორმა. ასევე ვისაუბრეთ 10-წლიან გეგმაზე. იყო სხვადასხვა სექტორებთან მიმართებით გაჟღერებული საინტერესო მოსაზრებები, მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. საინტერესო შეხვედრა იყოს ხედვებისა და ინფორმაციების გაცვლის კუთხით. ალბათ მომავალშიც იქნება მსგავსი შეხვედრები. იმის გათვალისწინებით, რომ რომ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო და ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, რა თქმა უნდა, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდოდით”-აცხადებს ოთარ ნადარაია.




























