მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ინტერვენციები მაღალ დონეზე ნარჩუნდება - განახლება "თიბისის" მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალი

"თიბისი კაპიტალმა" მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. მიმოხილვის თანახმად, გაუმჯობესებული სავალუტო ნაკადები და ეკონომიკური სენტიმენტები იყო წამყვანი ფაქტორები, რომელთა გამოც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში კვლავ დიდი მოცულობის რეზერვები შეისყიდა. 

"ივლისში სებ-მა 278.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ეს ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და ასევე, მთლიანობაში, თვის განმავლობაში გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგია. ეს უკანასკნელი, წინა თვესთან შედარებით, ლარის დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის სესხების მეტ ზრდაში აისახება, რაც სავალუტო ბაზარზე ერთდროულად ლარზე მოთხოვნასა და დოლარის მიწოდებას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი შეფასება, რომ სამომავლოდ ლარის გამყარება ნაკლებალბათურია, კვლავ ძალაშია.

წინა კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა ივლისის ექსპორტისა და იმპორტის დეტალური ჩაშლა. თვალსაჩინოა, რომ წლიური ზრდის შემცირებაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების კლებამ არსებითი როლი შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის კვლავ მზარდი დინამიკა, რაც მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი ტენდენციაა,"- ნათქვამია ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 

ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. ამჟამად სავალუტო რეზერვები 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ისტორდიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 2023 წლის 7 თვეში სებ-მა ბაზრიდან სულ 1.34 მილიარდი დოლარი შეისყიდა. 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებლის,  ნათია თურნავას განცხადებით, დოლარის შესყიდვებს ეროვნული ბანკი ახორციელებს მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე პოზიტიური ვითარება აღინიშნება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები