მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არასწორია ერთგვაროვანი მიდგომა მცირე და მსხვილი ბიზნესის მიმართ - ზურაბ ძნელაშვილი "საგადასახადო შეთანხმების" ტარიფებზე

ზურა ძნელაშვილი

2027 წლის 1 იანვრიდან საქართველოში წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების მიღების მომსახურების საფასური ორმაგდება. აღნიშნულ ცვლილებას BMG-სთან უარყოფითად აფასებს იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზულ ბარიერებს შეუქმნის მცირე და საშუალო ბიზნესს და გაზრდის საგადასახადო დავების რისკს.

ზურაბ ძნელაშვილის თქმით, არსებული ტარიფი, რომელიც რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის 5 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის10 000 ლარს შეადგენს, ისედაც მაღალი იყო. ცვლილების შედეგად კი ბიზნესსუბიექტებს მომსახურება 20 000 ლარი დაუჯდებათ.

„20 000 ლარი უკვე ძალიან დიდი თანხაა საქართველოს პირობებში ბიზნესისთვის. ამ ცვლილებით კი, წინასწარი გადაწყვეტილების სერვისი ელიტურ სერვისად იქცევა, იმიტომ რომ მხოლოდ მსხვილ ბიზნესს შეეძლება სარგებლობა, მხოლოდ მსხვილი ბიზნესი გაიმეტებს ამხელა თანხას წინასწარი გადაწყვეტილების ასაღებად. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი პრაქტიკულად ვეღარ შეძლებენ ამ წინასწარი გადაწყვეტილებით სარგებლობას, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოზეც და გადასახადების ადმინისტრირებაზე“ - აცხადებს ძნელაშვილი BMG-სთან.

მისი განმარტებით, წინასწარი გადაწყვეტილება არის მექანიზმი, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს წინასწარ შეუთანხმოს საგადასახადო ორგანოს დაგეგმილი ოპერაციის ბეგრის წესი. ეს ინსტრუმენტი დავების პრევენციას ემსახურება. საფასურის გაზრდა კი ბიზნესს აიძულებს, საკუთარი ინტერპრეტაციით იმოქმედოს, რაც ხშირად შეცდომებს, დაჯარიმებას და ხანგრძლივ სასამართლო დავებს იწვევს. ამასთან, ზურაბ ძნელაშვილი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის არასტაბილურობაზეც.

„საქართველოში ეს არ შეიძლება იყოს ასეთი ძვირიანი სერვისი, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადია კანონმდებლობა. არა მარტო კანონმდებლობა, საგადასახადო ორგანოს და სდავების განმხილველი პრაქტიკაც იცვლება ხშირად. სასამართლოს პრაქტიკა პრაქტიკულად, არ არსებობს, იმიტომ რომ საგადასახადო შეთანხმების წყალობით, ძალიან იშვიათად, თუ დავა მიაღწევს უზენაეს სასამართლომდე და ძალიან იშვიათ შემთხვევაში უწევს უზენაეს სასამართლოს განმარტებების გაკეთება. ამ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არასტაბილურია, არ გვაქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა, არ გვაქვს მყარი სასამართლო პრაქტიკა ამა თუ იმ საგადასახადო ინსტიტუტთან დაკავშირებით, ეს ერთადერთი გზა არსებობს, რომ ბიზნესმა დაიზღვიოს თავი შეცდომებისგან, დაჯარიმებისგან, დავისგან.

ესეც თუ გავაძვირეთ და ხელმიუწვდომელი გავხადეთ რა გამოდის? საქართველოში მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წრესთვის იქნება ხელმისაწვდომი ეს სერვისი და არ შეიძლება საქართველოში, ეს ჩაითვალოს ფუფუნების საგნად, არ შეიძლება, შემოსავლების სამსახური წინასწარი გადაწყვეტილების გაცემას ხედავდეს როგორც შემოსავლის წყაროს. პირიქით, წინასწარი გადაწყვეტილება უნდა იყოს იაფი“ - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

მისივე თქმით, ტარიფის დიფერენცირება არის ერთადერთი გზა, რათა წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების სერვისი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს, რაც თავის მხრივ ბიზნესგარემოს სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„არ შეიძლება ერთი ტარიფი იყოს ვთქვათ საბანკო დაწესებულებებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. ტარიფი უნდა იყოს მინიმუმ, დიფერენცირებული საწარმოს ზომითი მოცულობის ან კატეგორიების მიხედვით. ტარიფის დიფერენცირება უზრუნველყოფს რეალურად წინასწარი გადაწყვეტილების სერვისის ხელმისაწვდომობას“.

მთავრობის დადგენილებით, 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ღირებულება ორმაგდება და ბიზნესისთვის 20 000 ლარით, რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის კი, 10 000 ლარით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები